24 დეკემბერი, 2021

ძალიან საინტერესო წერილი ნიკოლოზ ბარათაშვილზე

ნიკოლოზ ბარათაშვილზე ძალიან საინტერესო წერილს გვიზიარებს ნინო ნატროშვილი:

“ბარათაშვილის ცხოვრებისეული დეტალების მოძიება საკმაოდ გვიან დაიწყეს. პირველი კრებული 1876 წელს გამოიცა, გადმოსვენება კი 48 წლის შემდეგ გადაწყდა. „ივერია“ გახდა ამ საქმის ორგანიზატორი, მაგრამ ფულის შეგროვება გაჭიანურდა, ისევ ილიას „მკვახე შეძახილმა“ გამოაფხიზლა ქართველობა. გაზეთმა იმ ადამიანთა გვარების გამოქვეყნება დაიწყო, ვინც თანხა შეიტანა ნეშტის გადმოსვენებისთვის. და ბოლოს, „ივერიის“ ფურცლებს ერთი კვირა არ მოსცილებია განცხადება:

კვირას, 25 აპრილს, გადმოსვენებული იქნება განჯიდან ტფილისს ნეშტი პოეტის ნიკოლოზ ბარათაშვილისა. ეუწყებათ ეს ამბავი განსვენებულის ნათესავთა და პატივისმცემელთ, რათა მობრძანდნენ ამ დღეს რკინის გზის ვაკზალზედ, საიდანაც ნეშტს წაასვენებენ დიდუბეს, ღვთისმშობლის ეკლესიაში.

„ვაგზლის არე-მარესა და თვით მისასვლელ მოედანზე ჭედვა იყო, იმოდენა საზოგადოებას მოეკრიბა თავი.… მოვიდა მატარებელი და ვაგონიდან გადმოასვენეს კუბო ძვირფასის ნეშტით.…აქ ვაგზალთან ამოდენა ხალხმა მუხლი მოიდრიკა და პატივი სცა დიდებულის მგოსნის ცხედარს. შემდეგ ეს ზღვა ხალხი დაიძრა და გაემართა ლიტანიით დიდუბისაკენ. ამფიონი შემკული იყო ძვირფასი სხვადასხვაგვარის გვირგვინებით. კუბო ხელიდან ხელში გადადიოდა. არათუ ყველა წოდების პირნი ეცილებოდნენ ერთმანეთს მის წაღებაში, არამედ ქალებიც ცდილობდნენ როგორმე რამდენიმე ნაბიჯზე კუბოს გასვენებაში მონაწილება მიეღოთ. დედებს მოეყვანათ თავისი პატარა შვილები, აჩოქებდნენ კუბოს წინ და თაყვანს სცემდნენ. გზადაგზა რამდენიმე ხორო გალობდა.…როცა ლიტანია მიუახლოვდა ეკლესიას, ხალხმა კვლავ მოიდრიკა მუხლი“…

1938 წელს, კიდევ ერთხელ შეეხნენ ბარათაშვილის ნეშტს – მის კუთვნილ ადგილას, მთაწმინდაზე გადაასვენეს.”