3 დეკემბერი, 2021

ძალიან კარგი ჩანაწერი რეზო თაბუკაშვილზე

რეჟისორსა და მწერალზე რეზო თაბუკაშვილზე ძალიან კარგ ჩანაწერს გვიზიარებს ზაზა სიამაშვილი:

“წლებია უმისოდ მიიზლაზნება სამყარო… მის გარეშე, მისი უმშვენიერესი მედიკოს გარეშე, რომელსაც უძღვნა ყველაფერი, სიცოცხლე, შემოქმედება…. შექსპირის სონეტების თარგმანიც… ამ თარგმანების დიდებულება და ოსტატობაც მეუღლის სილამაზის და მშვენიერების წყალობააო…. მედეა ჯაფარიძე უნდა გყავდეს მეუღლედ რომ დაწერო: ,,შექსპირს, როგორც ლირიკოსს, თავი თუ არ მოეჭრა საქართველოში, შენს სილამაზეს უნდა უმადლოდესო…”

მერე უნიკალური, უანალოგო ფილმების ეპოქა… საქართველოს, ქართველთა და საქართველოსთვის დამაშვრალ გადამთიელთა პორტრეტები ისეთ ჟანრში, რომელსაც არც მანამდე და არც მის შემდეგ მაგალითი არ აქვს! ,,მხატვრული კინოდოკუმენტალისტიკა” უწოდეს, მე რაღაც მეცოტავება! მოუსმინეთ ,,საქართველოს მეჭურჭლუთუხუცესს” და თქვენც გეცოტავებათ! ამ ფილმების მისი ხმის გარეშე ყურება წარმოუდგენელია!
როგორ არ იღლებოდა, დღესაც მიკვირს…. წუწუნი? ბოღმა და შური? მის სახელთან ახლოსაც არ ჩაუვლია და ალბათ ამიტომ ატარა ერმა მწერალთა კავშირიდან დიდუბის პანთეონამდე ხელით… ატარა 9 აგვისტოს თაკარა, მცხუნვარე მზის ქვეშ… არც მაგონდება ასეთი დაფასება! ,,პროფესიონალიზმია პატრიოტიზმიო” და არა პირიქით, როგორც მომდევნო წლებში საუბედურო და დამღუპველ სენად იქცა….

და თუმცა ჩემი გამგზავრება ჰგავდა წვალებას,
სიკვდილი მაინც არ დაარქვათ გარდაცვალებას,
მე წავალ, რადგან დრო არა მაქვს უკვე არჩევნის,
მე წავალ, მაგრამ სამუდამოდ თქვენთან დავრჩები.

ახლა ვუკვირდები – როგორი წინასწარმეტყველური აზრები რითმებში განფენილი… თავი მოიკალი და მსგავსს ვერ დაწერ… ამის უფლება უნდა გქონდეს… უფლება, ერისგან და ბერისგან მონიჭებული… აბა, ამ სტრიქონებსაც გაადევნეთ თვალი და გონება:

დამარცხებულნიც არასოდეს ჩანდეთ საბრალოდ,
ვინმეს სიგლახე, კაცთა მოდგმას არ დააბრალოთ.
მშვიდი გექნებათ სიყმაწვილე, მერე სიბერე,
სხვათა მიღწევით, სიხარული თუ გაიბევრეთ.

დარიგებაა? რჩევაა? მგონი, დავით მეფსალმუნის ლოცვაა… ეს ჩემი აზრია, რისი უფლებაც მაქვს… (ჰო, ეს მისგან ვისწავლე!)… როგორი დავალებული ვარ თქვენგან ძია რეზო… ბატონო რეზო, როგორ იცოდით, საიდან იცოდით ამდენი?! უიშვიათესი მონადირე და მზარეული, თვალშეუდგამი თამადა და უტყუარი უფროსი მეგობარი… კიდევ რომელი ერთი მოვთვალო?! და ასეთი კაცი რომ გამოგეცლება, როგორ გინდა გაძლო და იარო?! კიდევ ერთხელ მიითვალეთ ჩემგან მადლობა – კაცო-ზეკაცო…”