18 დეკემბერი, 2021

ავასრულოთ ჯემალ ჭკუასელის ოცნება

ანსამბლ “ერისიონის” საპატიო სამხატვრო ხელმძღვანელი ჯემალ ჭკუასელი თავის ოცნებას ყოველთვის ხმამაღლა აჟღერებდა – “დავუბრუნოთ ხალხური სიმღერა სოფელს”.

მან მთელი ცხოვრება ქართულ სიმღერას მიუძღვნა და ამაში მამას შერმანდი ჭკუასელს “ადანაშაულებდა:

“1935 წლის 18 მაისს სოფელ წითელმთაში (შემოქმედის თემი) ღამის სიმყუდროვე თოფის გრიალმა დაარღვია. „ბიჭია, ბიჭია!“ – დაედევნა გასროლის ექოს მამაკაცის ხავერდოვანი, ძლიერი ხმა. ამ ალიაქოთის მიზეზი კი გახლდით მე, „მამის იმედი, დედის ბედნიერება“, თქვენი მონა-მორჩილი, რომელზეც ცოტა მოგვიანებით მამამ, შერმანდი ჭკუასელმა, გაიხუმრა – ნამეტანი აბდლურად გავისროლე თოფი ჰაერში. სიმართლე თუ გინდა, მაი თოფი აგერ ა, საფეთქელში უნდა მესროლაო.”

ქართული სიმღერა და ცეკვა ჭკუასელების რამდენიმე თაობას აერთიანებს. ხელოვნება მათთვის უმთავრესი მაცოცხლებელი ძალაა:

“გამიგონია, ხელოვნებაში მთავარი ისაა, რაც არ ისწავლებაო. ეს ყველაზე უფრო ალბათ ხალხურ სიმღერას ესადაგება. არ შეიძლება მისი სწავლა. სიმღერა შემსრულებელთან ერთად იბადება…

რაც შეეხება ქართული სიმღერის ფენომენალურობას, ამ ქვეყანაზე ყველაფერს მოეძებნება ანალოგი, თუნდაც ხელოვნებაში: თეატრსაც, ოპერასაც, კინოსაც…

გერმანელები ქართულ სიმღერაზე დაკვირვებისას იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ იფიქრეს, ეს კოსმოსური წარმოშობის ფენომენიაო. გალაქტიკაში გაგზავნილი ექვსი თუ შვიდი შედევრიდან ერთი “ჩაკრულოა”. ამ საქმის პროტექციით მოგვარება ნამდვილად შეუძლებელია.”