18 ნოემბერი, 2021

“თავადის ქალი მუნდირში” – წიგნის პრეზენტაცია ხელოვნების სასახლეში

19 ნოემბერს 17 საათზე ხელოვნების სასახლეში გაიმართება კატი დადეშქელიანის წიგნის: “თავადის ქალი მუნდირში” პრეზენტაცია.

წიგნი ინგლისურიდან თარგმნა და ვრცელი ნარკვევი დაურთო ქეთევან ტომარაძემ.

1934 წელს ლონდონში, ინგლისურ ენაზე გამოქვეყნდა საფრანგეთში გადახვეწილი ქართველი ემიგრანტი ქალის, კატი დადეშქელიანის (1890-1977) მემუარები: „თავადის ქალი მუნდირში“.

კატი, ეკატერინე დადეშქელიანის მემუარებში აღწერილია მისი მამის – ალექსანდრე დადეშქელიანის ტრაგიკული აღსასრული, დედის – ბაბილინა ერისთავის დაპატიმრება, უახლოესი ნათესავების ღალატი, უიღბლო ქორწინება ესტონელი ბარონის, ვოლდემარ იქსკულის ვაჟზე, დის, თამარის თვითმკვლელობა, მძიმე სულიერი კრიზისი, რამაც კატის ომში წასვლა და საბრძოლო ოპერაცებში “ჯემალ დადეშქელიანის“ სახელით მონაწილეობა შთააგონა. ომი როგორც გამძლეობისა და პიროვნული სახის შენარჩუნების გამოცდა, ძმის, ჩეპყანის მკვლელობა, ქვეყნიდან გაქცევა, თურქეთში დედის მოულოდნელი გარდაცვალება, საფრანგეთში გადახვეწა, მარტოობისა და სამშობლოში დაბრუნების ნატვრაში განვლილი ხანგრძლივი ცხოვრების წლები.

ასეთია კატი დადეშქელიანის, ქართველი გმირი ქალის ისტორია, რომელმაც გამორჩეული სიმამაცისთვის ორი გიორგის ჯვარი დაიმსახურა პირველ მსოფლიო ომში.