6 ნოემბერი, 2021

თამაზ ბაძაღუას საბედისწერო დღე

პოეტმა, მთარგმნელმა და დრამატურგმა თამაზ ბაძაღუამ მხოლოდ 28 წელი იცოცხლა, მაგრამ საოცარი ლიტერატურული მემკვიდრეობა დატოვა – 23 წლისამ გამოსცა პირველი წიგნი „მესამე ზარი“, თარგმნა პიერ პაოლო პაზოლინის, ჯაკომო ლეოპარდის, მიქელანჯელო ბუონაროტის, გიიომ აპოლინერის, რაინერ მარია რილკეს პოეზია.

1987 წლის 5 ოქტომბერს 28 წლის შემოქმედი ორსულ მეუღლესთან და ქალიშვილთან ერთად ავტოავარიაში დაიღუპა.

ელგუჯა მარღია, პოეტი:

“ცხადად მახსოვს ის შემზარავი ტრაგედია, რაც თამაზ ბაძაღუასა და მისი ოჯახის (ორსული მეუღლე და ქალიშვილი), ასევე ბათუ დანელიას მეუღლის დაღუპვასთან არის დაკავშირებული. ეს იყო საშინელი ავტოკატასტროფა. ბათუ მაშინ სასწაულებრივად გადარჩა. ამ ამბავმა თავზარი დასცა მთელ საქართველოს.
თამაზ ბაძაღუა იყო უნიჭიერესი პოეტი, მთარმნელი და დრამატურგი. ის სრულიად ახალგაზრდა წავიდა ამ ქვეყნიდან. თუ არ ვცდები 26-28 წლის. მე ის რამდენჯერმე მინახავს ჟურნალ ,,ცისკრის’’ რედაქციაში. დამამახსოვრდა, როგორც საოცრად წყნარი, გაწონასწორებული, ღვთისნიერი და გამორჩეული ადამიანი. ახლაც თვალწინ მიდგას მისი სახე…

ძალიან მნიშვნელოვანი ლიტერატურული მემკვიდრეობა დატოვა. თარგმნა იტალიელი კლასიკოსი ლუიჯი პირანდელოს პოეზია. ასევე პეტრარკას სონეტები. მრავალი ავტორი ერთი სიტყვით…

მისი პიესები დღემდე იდგმება ქართულ სცენაზე. მისი პოეზია, ეს არის საოცარი სამყარო. სხვათა შორის, ერთ-ერთ ლექსში იწინასწარმეტყველა მოსალოდნელი ტრაგედიაც…”

პოეტმა გივი ალხაზიშვილმა თამაზ ბაძაღუას ლექსი მიუძღვნა:

“აღარ მიმიწევს გული არსაით,
აღარავისკენ აღარ მიმიწევს,
მხოლოდ სიჩუმე მსტუმრობს “დასავით”,
სხვებმა, რატომღაც, გადამივიწყეს.
თოვლიც სიხარულს აღარ მანიჭებს,
თოვლი შერყვნილი არა ქათქათა,
ვითვლი თებერვლის ბოლო ნაბიჯებს
და მეც მივყვები მზისკენ თანდათან.
ვაი, რომ ვერსად დავემალები
წლებს, წარსულიდან გამორიყულებს,
დნება თოვლი და შენი თვალებით,
გუბეებიდან მიწა მიყურებს.”