22 ნოემბერი, 2021

ნიკო გომელაურის შესანიშნავი წერილი

ნიკო გომელაური ისეთივე კარგი მსახიობი იყო, როგორიც პოეტი. მისი პოეზია ათასობით მკითხველში დღესაც აქტუალურია, მისი ნათამაშევი როლები ათასობით მაყურებელს დღესაც ძალიან კარგად ახსოვს.

“არტინფო” გთავაზობთ ნიკო გომელაურის წერილს, რომელიც მის უბრალოებაში და ნიჭიერებაში ერთდროულად დაგარწმუნებთ:

“საკუთარ თავთან იმის აღიარება, რომ რაღაცაში მართალი არ ვარ, არ მიჭირს; სხვასთან ცოტათი ძნელია. ალბათ, მთავარი მაინც ისაა, რომ შენს თავთან აღიარო. საერთოდაც, საკუთარ ნაკლს თუ ვერ ხედავ, რთულია ცხოვრება. ვერასოდეს ღირებულს ვერაფერს შექმნი და იქნები ამბიციური, სულელი ადამიანი, დარწმუნებული საკუთარ გენიალურობაში, მაგრამ თუ გაწყობს, იყავი… ყველას თავისი არჩევანი აქვს.

ამბიცია უნდა შეესაბამებოდეს ნიჭს. თუ ის ნიჭზე მაღლა დგას, ამას უკვე ამპარტავნება ჰქვია. მე მაქვს ამბიცია, ვთქვათ, ვითამაშო აზდაკი… ეს ნორმალურია, მაგრამ როცა ვფიქრობ, რომ ვარ გენიალური და ჩემზე უკეთ ვერავინ ითამაშებს, მაშინ სულელი გამოვდივარ.

ვწერ, მაგრამ პოეტი არ ვარ, ვთამაშობ, მაგრამ მსახიობი არ ვარ, ეგეთი რამე არ შეიძლება. მე პოეტი ვარ და მორჩა. საერთოდ, მაქსიმალისტი ვარ, რაც ჩემს შესაძლებლობებშია, იმას ასი პროცენტით ვაკეთებ, თუ არა და, რაც არ მინდა და არ შემიძლია, იმას ხელს არც მოვკიდებ, რაც არ უნდა გადამიხადონ. ბევრი წელი დამჭირდა, რომ იმედების გაცრუებას შევჩვეოდი, თუმცა დეპრესიაში ამის გამო არ ვვარდები.

დაღლილი ვარ უმეცრებისგან, უცოდინრობისგან, არაპროფეისიონალიზმისგან, ფარისევლობისგან, სიყალბისგან… რომელიც ირგვლივ არის და თუ ეს ყველაფერი შეადგენს ჩვენს ცხოვრებას, მაშინ შეიძლება ითქვას რომ დავიღალე და ამ ყველაფრის ანტონიმებს ვითხოვ! ეს რთული არაა, სულ ათი მცნებაა და მათი შესრულებაც ადვილია. ჩვენ ქრისტიანობას პირჯვრის გადაწერითა და სანთლის დანთებით გამოვხატავთ, არადა მთავარია ის გავაკეთოთ, რასაც ათი მცნება გვასწავლის. მჯერა, რომ ადამიანი თუ მოინდომებს, მისი ბედი მის ხელშია და თვითონ წარმართავს ცხოვრებას.”