21 ნოემბერი, 2021

ლალი ბადურაშვილი ოთარ მეღვინუთუხუცესზე

მიუხედავად იმისა, რომ ლალი ბადურაშვილი პროფესიით მსახიობი არ იყო, ამას სულაც არ შეუშლია ხელი მისთვის შორენა კოლონკელიძე ეთამაშა და მაყურებლის უდიდესი სიყვარული დაემსახურებინა.

ლალი ბადურაშვილი ფილმის “დიდოსტატის მარჯვენა” გადაღების ერთ-ერთ ეპიზოდზე გამორჩეული სითბოთი და სიყვარულით საუბრობდა:

„რაზედ მოგიწყენია, ეკბატანას ვარდო?.. ამ ეპიზოდში ჯერ ოთარი გადაიღეს მსხვილი ხედით, მერე ჩემი კადრია და ოთარი ზურგით დგას.

მე ვამბობ: „რა გწადია, მეფეო?” გადაღება ცოტა გაგვიჭირდა. ვახტანგი იწუნებდა: მექანიკურიაო! ამ დროს პატარა ღრუბელი ჩამოწვა, ამანაც შეგვაფერხა. ის-ის იყო, უნდა გაგრძელებულიყო გადაღება, ოთარი მიეყრდნო კედელს და ჩურჩულით დაიწყო: „რაზედ მოგიწყენია ეკბატანას ვარდო? შენ თუ ერთ სურვილს ამისრულებ, შორენა…” და მეც ბუნებრივად განვაგრძე: „რა გწადია, მეფევ-ბატონო”…

აი, ეს არის ოთარი – მიხვდა, რომ გამიჭირდა, იმ წუთას ჩუმად გაითამაშა ჩემთვის ეპიზოდი და იმ ტონალობაში ჩამაგდო, რომელიც საჭირო იყო.

ეს ერთ-ერთი საუკეთესო კადრია ფილმში.”