14 ნოემბერი, 2021

გაიცანით გიორგი ზუბიტაშვილი – პოეტი ყვარლიდან

გიორგი ზუბიტაშვილი 19 წლის პოეტია ყვარლის რაიონის სოფელ შილდადან.

მისი ლექსების სტროქონებში ნათლად ჩანს გულწრფელობა და სულის სისუფთავე.

“არტინფო” გიორგის პოეზიიდან რამდენიმე ლექსს გიზიარებთ:

რაღა უნდა ვთქვა,
სათქმელი რა მაქვს,
უსიტყვო გავხდი
დარდით და მწუხრით,
აღარც გული მაქვს,
ვუსმინო ჯალაბს,
ვაჰმე, საწუთროს
ქედს თუ მოვუხრი!..
აღარ მათრთოლებს
ბავშვივით ქარი,
აღარ მაშინებს
ოქტომბრის დელგმა
და ახლა მართლა ვარ
ცოცხალ-მკვდარი,
ასეთი ყოფა დალახვროს
ღმერთმა!
დალახვროს ღმერთმა
ჩემი სიჩუმე,
გულში ჩაკლული
სიტყვა მრავალი,
სევდანარევი ფიქრი
ვერთქმული,
მზეც უმზეობით ამომავალი.
და სხვა რაღა ვთქვა,
სათქმელი რა მაქვს,
უსიტყვო გავხდი,
როგორც სალი კლდე,
აღარც გული მაქვს,
ვუსმინო ჯალაბს,
თვალს ცრემლი მაინც
ვერ ავარიდე!”

 

და ეს სიმღერაც ყოფილა ბოლო

მოწმენდილ ცაზე დაფრინავს ქორი,
დანისლულ მთაზე ილევა ჟოლო…
მე და შენ შორის გზა არის შორი
და ეს სიმღერაც ყოფილა ბოლო.

მივდევ გზას, სადაც მივლია ბევრი,
სადაც ბავშვობის დღეები დარჩა,
გზად მწუხარების მევსება ტევრი,
გზად ქარი ტირის, როგორც კამანჩა.

ამდენი დარდის მნახველი მაინც,
ვმღერი, მამღერებს სიმწვანე მთათა…
მე და შენ შორის გზა არის შორი,
გზა ეკლიანი, ყოველთა გზათა.

 

პეიზაჟი 6

ქალო, მდინარეს მოუყვებოდი,
ვით ზენა ქარი ბილიკს ქვენაურს,
ვაჰ, რამდენ ამბავს მოუყვებოდი,
რამდენ საცრემლოს, რამდენს უცნაურს.

ეტყოდი ალბათ თუ ვინ გეტრფოდა,
ან ვის ეტრფოდი ქალური ძალით,
ვინ ჭრელ ხალიჩად დაგეგებოდა,
ვის შემოსავდი ვნებისფერ ალით.

იდგა მდინარე ჩამომდინარი,
გისმენდა, როგორც ვაჟი გზნებითა,
მის ნაპირებზე მზე, ყვავილნარი
ტკბებოდა შენი არაკებითა.

მე მაყვლიანში შეხიზნებული,
დიდხანს გიცქერდი, როგორც ყაჩაღი,
ეგ სახე, სახე შეფითრებული,
ხან სევდიანი, ხან და ხან ლაღი,

როგორც სანთელი ისე დნებოდა,
ჩემს თვალწინ იდექ, ვით სასწაული
და სუსტი სიო მეარღნებოდა,
შენს უკან იდგა თქვენი აული.