18 ნოემბერი, 2021

ბესიკ ხარანაულის შესანიშნავი ჩანაწერი

ბესიკ ხარანაული მართალი სიტყვის დიდოსტატია და სწორედ ამ სიმართლის გამოა ათასობით მკითხველის რჩეული.

პოეტი უახლეს ჩანაწერს გვიზიარებს, სადაც მისი მართალი სიტყვა კიდევ ერთხელ აღგაფრთოვანებთ:

“ნახეთ, რა ოინი უქნია ორსა ყრმა-ვაჟსა
ქალაქო, გამოიხედე შენი უიმედოდ გათეულ ღამიდან,
შემართე თვალები,
იხილე-თუ , რა სურათი გადაუშლია
ნოემბრისთვის ამ ნისლიან დილას.
იხილე, რა ოინი უქნია ორსა ყრმა-ვაჟსა,
საცრისხელა თვალებით, ირმის ნახტომივით:
არ გაგონილა ასეთი რამ შირაქში და ტარიბანაში,
კახეთში, ქართლში,
გურია და სამეგრელოში,
რაჭა-ლეჩხუმში,
სვანეთში და, თიანეთშიც კი –
არა სმენიათ.
დამსხდარა მტკვრის ორივე სანაპიროზე ქალაქის ხალხი,
ვაგზლის მეტროსთან, ავლაბრის ხიდთან,
მთელი ქალაქის დაგებულ მიწაზე,
მისხდომიან გვერდს პოლიციელები,
დაღლილები ხალხის დაჭერა-გაშვებით,
რადგან, გულით ყველამ ღრმად იცის –
ნატვრა, გადავიწყებული:
– ქართველი კაცი ციხისთვის არ არის!
ეს ამდენი ხალხი, ცეტივით რომ აწყდებოდა მტკვრის სანაპიროებს,
და ქუჩებს რომ უკვალოდ ხნავდა,
რომ თესავდა უაზრობას და სიგიჟეს მკიდა,
და, მოდებოდა არეულობა მთელ ქართულ მიწას,
კავკასიის ფუძიდან პონტოს ნაპირამდე,
და რომ გრძელდებოდა საუკუნეები
ძმათა მტრობა და მეტობა ერთმანეთისა,
და, რომ, წნელის ღობისა შეიქნა საზღვრები…
და, ამ დილას, ნოემბრის ამ თვეში,
რომ გაახილეს ბოღმით დამჭკნარი თვალები,
როგორც ველური გააოცოს ირმის ნახტომის ხილვამ:
ხელები ჩამოყარეს, პირი დაიდუმეს,
გაწბილდნენ და აზრი მოეძალათ,
როგორც მთვრალი გამოფხიზლდეს
ზედ თავის საქმეში,
და მტრებად მოსულნი, უბრად დაიშალნენ,
სახეს ქუდითღა იმალავდნენ,
მკერდს იმჯიღავდნენ,
როგორც ორი საღი ანგელოზი ამ დილის ქალაქში,
გა-ცა-კვირვებულებმა რომ იხილეს
ორი ყრმა-ვაჟი:
საცრისხელა თვალები ედგათ
და ცრემლებს მალავდნენ.
მეხის ხმა ჰქონდათ,
და მდუმარებდნენ.
არცხვენდნენ, ამუნათებდნენ,
მთელი გულის შინაარსით
მაღალში იყვნენ,
და,
არ სძულდათ ქვეყნად არავინ.
არ ენახა მთელ საქართველოს ასეთი სურათი.
არ გაეგონათ ასეთი რამ შირაქში და ტარიბანაში,
კახეთში, ქართლში,
გურია და სამეგრელოში,
რაჭა-ლეჩხუმში,
სვანეთში და, თიანეთშიც კი,
არა სმენოდათ.
რომ პური ეთესათ
და მომკალთა ჰოოპუნაზე ქალებს დაერცხვინათ,
რომ ყრმა-ვაჟებს ეღიმილათ ამ სურათისგან,
და, საცრისხელა თვალებით, ირმის ნახტომივით
ყოფილიყვნენ მხარგაშლილები,
ბედნიერები, გამარჯვებულები.
არა ყოფილა ასეთი სურათი, რაც საქართველოა.