3 ოქტომბერი, 2021

ზვიად გამსახურდიას ულამაზესი მიძღვნა მერაბ კოსტავას

ზვიად გამსახურდიამ მერაბ კოსტავას ქრისტესმიერი ძმა უწოდა და ულამაზესი ლექსი მიუძღვნა:

ძმას ქრისტესმიერს

“ერზე მჭმუნვარი ძმათა კრებული
ერის საფიცარ რაინდს გიწოდებს,
უკვდავ საქმისთვის ჯვარზე ვნებული
სასუფეველში შეხვალ, იცოდე!
ქრისტემ მოგმადლა ცის გასაღები
და სერაფიმთა ჰაეროვნება,
არ გწამს მონღოლის ნატრაბახები
და არც მარდოხეს ყალბი ცხოვრება.
გვეტანებოდნენ ძაღლნი და ღორნი,
შემუსვრა სურდათ ელვარე ჭაღის,
მაგრამ ხომ დავრჩით, მაინც ჩვენ ორნი,
მკრთალნი რაინდნი მწუხარე სახის.
კვლავაც დავუდგეთ დარაჯად საფლავს,
ყველა ცოცხალთა მიზანს და მიზეზს,
ამგვარ წამებას ხომ შვებაც ახლავს,
ხვალეც იმედის თვალებით გვიმზერს.
ცხოველმყოფელი საფლავი იგი
გვიწამებია ცხოვრების წყაროდ,
დაგვცქერის თვალი არსთაგამრიგის,
ის აგვარიდებს ბედის შავ ტაროსს.
და ოცნებებიც ცას მისწვდნენ ჩვენნი,
ცა გარდაგვეხსნა მარადჟამული,
ხელთუქმნელ ხატის დიდებით მშვენი
ღვთის წილხვდომილი ჩვენი მამული.
დე ელვარებდეს ივერთა ცაზე
მზე შუაღამის, ბარძიმი წმიდა,
გვწყალობდეს ვინაც გვიკურთხა ვაზი
და ღვთისმშობელი ვინაც დაწინდა.
ვაშენოთ ჩვენი ტაძარი ქვაზე,
ბნელში მსხდომთ კვლავაც აღვუნთოთ კვარი
და მიგვიძღოდეს ეკლიან გზაზე
წმიდა გიორგი და ნინოს ჯვარი.”