28 ოქტომბერი, 2021

თემო ჯაფარიძე ავთო ვარაზზე

უნიჭიერეს და გამორჩეულ მხატვარ ავთო ვარაზზე მისი კოლეგა თემო ჯაფარიძე ძალიან საინტერესო წერილს გვთავაზობს:

“ავთოს თბილისი განსაკუთრებული, ავთოსეული ხასიათისა იყო, ბუკინისტური წიგნივით დაძველებული, განწყობიანი სახლები და ქუჩები ვერის, სოლოლაკის, მთაწმინდის უბნებში…

ერთხელ ამ ევროპულ უბნებში ბევრი ვიარეთ. სახელოსნოსთვის გამოსადეგ მანსარდს ვეძებდით. ხელმომჭირნედ ვცხოვრობდი. ავთო სახელოსნოზე ოცნებობდა. სახლები და ვიწრო ქუჩები, რომლებიც მას მოსწონდა, რაღაცით ჰგავდნენ იმ ადამიანებს, რომლებიც თავის პორტრეტებში გამოსახა. სულით ფაქიზი მარტოსულები, ნამდვილი აზრის, გრძნობისა და აღმაფრენის მაძიებლები, მეოცნებეები, სინანულში ჩავარდნილები, უბრალოები, მაგრამ სულით მდიდრები, ანონიმები, რომლებიც ხელისუფალთათვის არაფერს წარმოადგენდნენ…

ყალბი დროების მიუხედავად, ავთომ მაინც იპოვა თავისი ადამიანები, თავისი საგნები, სახლები და ქუჩები, თავისი სინამდვილე…

რა საფრთხილო საზღვრებზე იარა მარადიულ ადამიანურ ღირებულებებსა და საბჭოურ ყალბ ყოფიერებას შორის…”