22 ოქტომბერი, 2021

სიყვარულის ულამაზესი სიმფონია თინათინ მღვდლიაშვილისგან

პოეტი თინათიან მღვდლიაშვილის შემოქმედებაში ერთ-ერთი გამორჩეული ლექსით “სიყვარულის სიმფონია”.

“არტინფო” სწორედ ამ ლექსს გიზიარებთ:

“ცამ ჩაიცვა თეთრი კაბა,
ფერი – მტრედის ანაფრენის…
ცა ღრუბლებით დაიქარგა,
საკმეველით ანაფერი.
მიიწურა შობის ღამე
და დაადნა ცვარი ფოთოლს,
ისე აწვიმს ტაძრის თაღებს,
უეჭველად სადღაც მოთოვს…
მივუყვები მსუბუქ ნისლებს,
სადაც ბზა და სიონია…
და იღვრება მზის სარკმლიდან
სიყვარულის სიმფონია.
აწვიმს ახლა, როგორ აწვიმს, სვეტიცხოვლის ხარაჩოებს
და შორენა უტას აწვდის თავთუხებს და ყაყაჩოებს…
და კამკამა მწვანე ტბაში ირეკლება დალის ტანი,
ვით მირაჟი უდაბნოში – ტკივილამდე ასატანი.
სიყვარული წამებს ითვლის, მზე არა სჩანს სხივთა მფენი,
ოთხი ცხენით ტყეში მიქრის თმებგაშლილი ბეთჰოვენი…
უძლურია ტრფობის ალთან მერი, თვალებსხივოსანი,
მარგარიტას ნატერფალთან იკეცება ფიროსმანი.
ვაიმარში მოცელილა საოცარი მადამ ლოტა
და გოეთე იცრემლება ცხელი ჟინით პალერმოდან…
ესიზმრება შატობრიანს მთები, სავსე მანანებით
და ბილიკი, მოჩითული პროვანსული მაქმანებით.
სიყვარულის ლურჯი თქეში – სტენდალი და კლემენტინა…
და ნავარის სასახლეში ფერმიხდილი ჟოზეფინა…
და კამილა ეევედრება ერთგულებას გულქვა როდენს,
მძიმე სენის მწუხარება ტაიტამდე დევნის გოგენს…
და უმღერის მომ პიაფი პარიზსა და მარსელ სერდანს,
და ენგურის მღვრიე ტალღა ათამაშებს თარაშ ემხვარს.
და უფლისგან დალოცვილნი, თავსდებიან პეპლის ფრთაზე,
და გოია, როგორც ცვილი, იღვენთება პალიტრაზე…
ო, ამური ტანჯავს სულებს და გონს ურევს გალაკტიონს,
და ილიას აიძულებს ღამე თეთრად გაათიოს,
და წერეთელს სატრფოს დარდი სევდით ჩააქვს სამარეში
და ეკლებში ტირის ვარდი, ვით აკაკი სავანეში.
სარეცლები დაუქარგავთ იაგუნდებს, ძოწს და ლალებს
და უფენენ კლეოპატრას ზურმუხტებს და ლილიფარებს…
და მიარღვევს ცისფერ ტალღებს მზეჭაბუკი ორიონი,
ლამაზმანთა გულებს ამსხვრევს ლორდი გორდონ ბაირონი!..
მოსდებიათ ცეცხლის ალი ქალწულებს და მეფე-მგოსნებს,
ამღვრევიათ ორთავ თვალი მდაბიოთ და გვირგვინოსნებს.
არნოს ტყეში ქარაშოტებს უწყვილდება პერსი შელლი…
ემონება ვერტერ ლოტეს, როგორც ვინმე ფეხის მტვერი.
და შტრაუსი უძღვნის სატრფოს ვალსებს, როგორც ნიავქარებს,
და მედეა ვეღარ უძლებს სიყვარულის ნიაღვარებს…
იბსენს ფარდის სინაზეში ელანდება ემილია,
დგანან რამპის სინათლეში ჰამლეტი და ოფელია…
ბონაპარტეს სიყვარული ჰგავს ქარიშხალს, გრიგალს, ელვას! –
და მრისხანე სინანულით ასგზის წყევლის კუნძულ ელბას!..
და ღრუბელთა ფარდაგებზე ისე როკავს თეთრი ქალი,
ვით ოდეტა, – ფარვანების და გედების დედოფალი!..
ვიღაც პოეტს წვავენ ჩუმად და ტკაცუნი ისმის შეშის…
ცის რიჟრაჟი შველის შუმანს, აქცევს ბგერად, მერე შეშლის…
და ვაგნერის აკორდები მატილდამდე მიაქვს მთოვარს,
და ჩიტივით უცემს გული გზაარეულ მადამ ბოვარს…
ესმერალდა ეთხოვება ამა სოფელს მაწამებელს,
გონმიხდილი კარენინა უვარდება მატარებელს, –
და ხარხარებს ბედისწერა, ვით ჯამბაზი სეკუნდანტი,
ტახტს და ტრფობას ეწირება ეშაფოტზე სტიუარტი!..
ვნებააშლილ თამამ დამებს კრთომით უმზერს ანგელოზი,
და მიჯნურთა დიად დრამებს წერენ: დანტე, ჰომეროსი…
და მგზნებარე, მწვავე ვნება აბარბაცებს ლუკრეციუსს,
“სიყვარულის ხელოვნება” ასამარებს ოვიდიუსს!..
და სამყაროს აზანზარებს, როს კარმენი ნისლში ცეკვავს,
და ნოტრდამის ტაძრის ზარებს კავზიმოდო დღესაც რეკავს!..
და უგალობს ცას და მიწას სიყვარულის მწველი ქორო,
უნგრევს პოეტს გულისფიცარს სიყვარულის ვატერლოო!..
და გიზგიზებს დედამიწა, და მიჯნური მიჯნურს ირჩევს,
და თვალები უგავთ რიწას, – ჯულიეტას და ბეატრიჩეს…
და ციმციმებს ათასფერად, თასი, ცრემლით ანავსები,
ნახანჯლარნი ჰყრიან ველად პრინცები და პრინცესები!..
ცხელი სისხლით დანამულან დაშნები და მახვილები,
და ბაფთებში განაბულან საჩუმათო სამხილები…
საფლავები დაუფარავს ზამბახებს და ია-იებს, –
სიყვარული ათანაბრებს სეფექალთ და გრაფინიებს!..
ვიღაც მუდამ დადის ცალად, სევდას არვინ დაუამებს…
სიყვარული უღირთ ჩალად ალფონსებს და დონ ჟუანებს…
და საეჭვო ვნების კვალი ლეწავს ვან გოგს, ტულუზ-ლოტრეკს,
და პილატეს ცრემლით მთვრალი მიაცილებს მთვარე
ბოდლერს!..
თამუნია – ტიციანს და
ალუბლები – ასათიანს!..
წითელ მიხაკს უძღვნის ანნა –
მონმარტრსა და მოდილიანს…
გვირგვინები – ჰიუგოს და
საწამლავი – ეულ გრანელს?!.
ტატოს – შავი ბედაური,
ნეტავი, სად მიაქანებს?!.
ო, ამური ისვრის ისრებს და მზაკვრობას აღარ იშლის
და უგზავნის შავბნელ მისნებს მაჩაბელს და გურამიშვილს…
წუთისოფლის მღელვარებას უცქერს ვაჟა, როგორც ზევსი
და დასტირის შოტლანდიას ლექსთა მეფე, – რობერტ ბერნსი!..
ვერ ელევა თამარს შოთა, სევდით ტოვებს სოფელს ამოს,
უცნაურად ესმით ტრფობა მურმანსა და აბესალომს…
და გიორგი, კესოს ნდომით, თავს ევლება ვარდს და იელს…
მომაკვდავი მარგარიტა თმებში იწნავს კამელიებს…
სადღაც თითქოს კვნესის ვიღაც, ვიღაც ტირის, როგორც ბავშვი,
და რომეოს უთენდება მწუხრის დილა ვერონაში…
ვიღაც მუდამ კარგავს იმედს, ოქროს კოშკებს აღარ აგებს
და ვენერა მიაცილებს ეტლებსა და კატაფალკებს…
ხავერდებში განაბულა სიყვარულის დიდი მტერი,
ორთაჭალის ტყისკენ გარბის ირემივით ახმეტელი!..
და ოტელო, როგორც შლეგი, მოკლულ სატრფოს უძღვნის ამბორს
და ონისე გამალებით მიუყვება ახლად ნათოვს…
ბორეასი გაშმაგებით მზეთუნახავს უნგრევს კარებს,
დაუპყრიათ ვარსკვლავეთი ჰიადებს და პლეიადებს.
ზეფიროსი, როგორც ქურდი, ხეთა ჩრდილებს ეფარება,
ჩუმად უცქერს ჰიაკინთოსს, გული ეჭვით ესერება.
და ეძლევა მწუხარებას ზღვის სივრცეში ოდისევსი,
და ქარებს სთხოვს დახმარებას ტროას გმირი აქილევსი.
და ცოდვილი, ნაზი ხელი თმებს უწეწავს ოიდიპოსს,
რომ ვნებათა გახელებით თვით სამყარო განაცვიფროს!..
ათას ერთი ტკბობის ღამე…
ვარდები და ვიოლინო…
შადრევნიდან მოკამკამე
ათას ერთი თასი ღვინო…
შაჰრაზადის ზღაპრები და
ჯადოსნური დერვიშები…
სურათები ზმანებიდან, –
მოცეკვავე გეიშები…
სარეცელი ძოწეულის,
ქალი – ნაზი, სადაფივით…
სავსე, როგორც ბროწეული
და მოცარტის აკორდივით!..
ღმერთო! როგორ ბრწყინავს მთვარე და კონკიას ბროლის ქოში…
და ნიძიო მინარნარებს გამოკრული კიმონოში…
ოქროს ტახტი – რუსთაველს და
ოქროს კვერთხი – კონსტანტინეს!
ტრფობის კოშკი აუღიათ
ნესტანებს და თინათინებს!..
პალმის ტოტი – ფირდოუსს და
ცხრა ლახვარი – ასათიანს?!.
და უფენენ დაფნის რტოებს –
“შაჰ-ნამეს” და “ვისრამიანს!..”
და ფართხალებს ოქროს თევზი და შველას სთხოვს მებადურებს,
სიყვარულის ქალღმერთებს და სიყვარულის ტრუბადურებს!..
ლექსებს ქსოვენ პოეტები, უზადოს და უნაპიროს…
მიუყვება ჩუმად გალა მტკვრის მარცხენა სანაპიროს…
და იფრქვევა ფერთა გამა, მაღლა, მაღლა, ლურჯი ცისკენ!..
და მიფრინავს უცხო დამა ქარაფიდან ღრუბლებისკენ!..
და უგალობს ცას და მიწას სიყვარულის მწველი ქორო!
სიყვარულის დიდგორი და სიყვარულის ვატერლოო!..
და სამყაროს აზანზარებს, როს კარმენი ცეცხლში ცეკვავს
და ღვთისმშობლის ტაძრის ზარებს კვაზიმოდო რეკავს! რეკავს!..
ღმერთო, ნუთუ ამ სტრიქონებს თბილისური წვიმა წაშლის?
ვერ მივართმევ ლექსთა კონებს ლაღიძეს და ფალიაშვილს?!.
ნუთუ თავად დავესწრები ალავერდში პანაშვიდებს?!.
ნუთუ დედა ღვთისმშობელი არასდროს არ დამამშვიდებს?!.
მაშინ, რატომ გუგუნებენ ცარგვალიდან ორკესტრები?!.
ო, შენდობას, როგორც თოვას, უეჭველად მოვესწრები!..
უეჭველად, უეჭველად შემიწყნარებს მარიამი,
იტყვის, ალბათ, – საბრალოა, რადგან მაინც ქალი არი!..
და დამლოცავს მწუხარეს და სახიფათოდ დამცირებულს,
და განმკურნავს სატრფიალო შეცდომებით დამძიმებულს…
და როს მზერას მოვთოკავ და ფრთებს შევკვეცავ ფანტაზიებს,
ჩემი ლექსის სითამამეს, ალბათ, ღმერთიც მაპატიებს!..
ცამ ჩაიცვა თეთრი კაბა,
ფერი – მტრედის ანაფრენის…
ცა ღრუბლებით დაიქარგა,
საკმეველით ანაფერი.
მიიწურა დიდი ღამე
და დაადნა ცვარი ფოთოლს…
ისე აწვიმს ტაძრის თაღებს
უეჭველად მოთოვს, მოთოვს…
მივუყვები მსუბუქ ნისლებს,
სადაც ბზა და სიონია…
და იღვრება მზის სარკმლიდან
სიყვარულის სიმფონია!..”