9 ოქტომბერი, 2021

გიორგი კეკელიძე ყველაზე მთავარზე

მწერალი გიორგი კეკელიძე ამ ცხოვრებაში ყველაზე მთავარ საკითხზე საუბრობს:

“არაფერია იმაზე საშინელი, ვიდრე ნანგრევებიდან გარდაცვლილი ბავშვის ამოყვანის სცენა. თითქოს სხვა სამყარო, რომელიც ირგვლივაა, საკუთარი წარსულით და მომავლით, უქმდება და უფასურდება.
და განწირული მამის ხმა: “სად ხართ შვილებო?! ღმერთო დამეხმარე!”

თვითონაც ნანგრევებად ქცეულები, ვუყურებთ ეკრანს, რომელიც თავგნაწირული მაშველების ფონზე, გარდაცვლილების რიცხვის ზრდას გვაცნობს. ვუყურებთ და ვერაფერს ვფიქრობთ.

ახლა სხვა ყველაფერი ყალბი მგონია, გარდა ამ გაყინული, უფიქრო შეძრწუნებისა. ის სიტყვებიც ყალბია, რომ თითქოს წუთისოფლის წამიერება შევიგრძენით და უფრო დავაფასებთ ერთმანეთს და ცოცხლად ნაკლებად დავღრღნით. ყველაფერი ყალბია, გარდა იმ ორ ,,ჯანმრთელ” სახლს შორის სიკვდილის ღია პირივით დაფჩენილი ნასახლარი ნაპრალისა.

ეს ნანგრევების დღე და ღამეა და ასეც დარჩება ჩვენს ბედკრულ ისტორიაში.”