12 ოქტომბერი, 2021

გია მურღულიას შესანიშნავი წერილი

ფილოლოგი გია მურღულია ათასობით მკითხველს შესანიშნავ წერილებს სთავაზობს და ცხოვრების მთავარ ღირებულებებზე აფიქრებს:

“ცხოვრების ნებისმიერ მონაკვეთზე – დაბადების დღიდან სიცოცხლის ბოლომდე – ჩვენშია ბავშვიც, ახალგაზრდაც და მოხუციც, რომლებიც არასდროს ტოვებენ ერთმანეთს.
მათთვის ცოცხლობს ადამიანში სინდისიც, კეთილგონიერებაც და კეთილშობილებაც.
ბავშვში – ბუნებითად.
ახალგაზრდაში – სრულყოფისკენ სწრაფვით.
მოხუცში – ღმერთთან შესარიგებლად.
ეს ყველაფერი ყოველ კაცში ერთიანი და განუყოფელია.

ადამიანი მოწოდებული და ვალდებულია, ამ მთლიანობის ჰარმონიას სიცოცხლის ყოველ მონაკვეთზე აცნობიერებდეს და პატივს მიაგებდეს – ცხოვრების მნიშვნელობითა და ინტენსივობით (გონების სინათლის დაბადებიდან) სავსე უნდა იყოს ამქვეყნად ყოფნის ყოველი დღე.
ბავშვსაც, ახალგაზრდასაც და მოხუცსაც უფლება აქვთ, ბედნიერნი იყვნენ.

ერთი ეგ არის:
ვიღაცას ამის დანახვა თუ შეგრძნება უნდა და შეუძლია, სხვა ვიღაცას კი – არა.
ეს არის მთავარი განსხვავება სიკეთესა და ბოროტებას შორის.
სხვა მიზნებთან ერთად, ამის გაგებასა და გააზრებაში უნდა ეხმარებოდეს სკოლა ბავშვს, საზოგადოება და სახელმწიფო კი – ყველას.
ვეხმარებით ბავშვს – ვეხმარებით ახალგაზრდას.
ვეხმარებით ახალგაზრდას – ვეხმარებით მოხუცს.
ვეხმარებით სხვას – ვეხმარებით საკუთარ თავს.
ვეხმარებით კარგ იდეას – ვეხმარებით მარადისობას.”