25 ოქტომბერი, 2021

დინა მირცხულავას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მიმართვა

მწერალი დინა მირცხულავა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მიმართვას ავრცელებს და ის მშობლებს ეძღვნებათ:

“ასწავლეთ შვილებს “არა”.
არ მოგესმათ, ა ს წ ა ვ ლ ე თ!

ხშირად მომისმენია ახალგაზრდა დედებისგან :
– ჩემს შვილს არაფერს ვუკრძალავ.
(აუკრძალეთ!)
– თუ ვერ ვუხსნი – რატომ არ შეიძლება, არ უნდა დაუშალოთ.
(რა სისულელეა, რამდენ ისეთ რამეს ვერ ვხსნით, რომელიც ზუსტად ვიცით, რომ არ შეიძლება).
– მე თავისუფლად ვზრდი ჩემს შვილს.
(მეც…. მაგრამ ანარქიაში ნუ გადაუვა).

გულზე შემოიყარეთ, როცა თქვენი შვილი თოჯინას თვალს ამოთხრის და ხელ-ფეხს მოატეხავს.
არა, არ დასაჯოთ (უფრო სწორად, გააჩნია, რა ასაკშია), მაგრამ ასწავლეთ, რომ – არა, არა, არა, ასე არ შეიძლება.
“აინტერესებს შიგნით რა არის” – ამ მოტივით ნუ გაგეცინებათ ამაზე.

სანამ პატარები არიან, უკონტროლეთ სოციალური ქსელები, სამეგობრო წრე, მიმოწერა – ამ უკანასკნელში ჩანს ყველაზე კარგად მათი ხასიათი.

უთხარით “არა”, ხშირად უთხარით და არავითარ შემთხვევაში არ გადათქვათ მერე ეგ თქვენი “არა”.

მაგალითისათვის: პარკში გამყავს ხოლმე ილიანა და ვაკვირდები ფრანგ დედებს (აქ ვცხოვრობ და აქაური მაგალითი მომყავს), გაგიკვირდებათ და შვილებს მკაცრად ზრდიან ამ “გარყვნილ” ევროპაში და რაიმე უმნიშვნელო მიდრეკილებას თუ შეატყობენ, ფსიქოლოგთან მიარბენინებენ.
– მე ვთქვი, არა! – ხშირდ გაიგონებთ ამ წინადადებას ფრანგი დედებისგან.

ყველაფერზე თვალის დახუჭვა, ბავშვს მოძალადედ აყალიბებს.

ბათუმის სკოლის ამბავმა შემძრა…. სად გავიქცე და სად გავექცე ამდენ ამბავს აღარ ვიცი…”