6 სექტემბერი, 2021

ჟან-პოლ ბელმონდო – ლეგენდის დასასრული

ფრანგული კინოს ლეგენდამ ჟან პოლ ბელმონდომ ნახევარი საუკუნე კინო სამყაროში გაატარა და მაყურებელს დაუვიწყარი როლებით სამუდამოდ შეაყვარა თავი.

ბავშვობიდან ორი კითხვა აწუხებდა – სპორტსმენი გამხდარიყო, თუ მსახიობი, 20 წლისას კი უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ მსახიობი იქნებოდა.

კინოკარიერის დასაწყისშივე უდიდესი დარტყმა მიიღო – სადებიუტო ფილმში მისი კადრები პრემიერამდე ამოჭრეს, თუმცა ბელმონდომ უფრო მეტი შემართებით დაიწყო მუშაობა.

26 წლის მსახიობს საერთაშორისო პოპულარობა მოუტანა ჟან ლიუკ გოდარის ფილმმა “უკანასკნელ ამოსუნთქვამდე”, რომელიც მსოფლიო კინემატგრაფის შედევრად ითვლება.

ერთი წლის შემდეგ, ჟან პოლ ბელმონდომ ითამაშა სოფი ლორენთან ერთად ფილმში “ჩოჩარა”, რასაც მოჰყვა ყველაზე აქტიური პერიოდი მის კინოკარიერაში. არნახული პოპულარობა კი მოუტანა ფილმმა „პროფესიონალი“ – ის ფრანგული კინოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზაურებადი მსახიობი გახდა.

ბელმონდოს პირად ცხოვრებაში მრავლად იყვნენ ლამაზი ქალები, დაოჯახება კი მხოლოდ ორჯერ გადაწყვიტა. პირველი ქორწინებიდან სამი შვილი დარჩა – პატრიცია, ფლორენსი და პოლი, პატრიცია 40 წლის ასაკში ხანძარს ემსხვერპლა. მეორე ქორწინებიდან კი – ერთი გოგონა – სტელა ჰყავს.

ბევრისთვის უცნობია, რომ ჟან პოლ ბელმონდო თეატრის მსახიობიც იყო და არაერთ სპექტაკლში მონაწილეობდა. წლების შემდეგ, ის თეატრს დაუბრუნდა და კინოში და თეატრში ერთდროულად თამაშობდა.

2001 წელს ინსულტის გადატანის შემდეგ, მსახიობმა საყვარელ პროფესიაზე უარი თქვა. თუმცა 75 წლის მსახიობი კვლავ დაუბრუნდა გადასაღებ მოედანს და ითამაშა თავის უკანასკნელ ფილმში “ადამიანი და მისი ძაღლი”:

“მიუხედავად იმისა, რომ 95 ფილში და 40 სპექტაკლში ვითამაშე, ამ გადაღებებზე ვიყავი ისეთი ბედნიერი, როგორც არასდროს.”

2015 წელს ჟან პოლ ბელმონდომ კარიერის დასრულების შესახებ განცხადება გააკეთა. არაერთი ჯილდოსა და პრემიის მფლობელი ფრანგული კინოს ლეგენდა 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.