29 სექტემბერი, 2021

თამაზ ჭილაძე ნიკოლოზ ბარათაშვილზე

პოეტი, მწერალი და დრამატურგი თამაზ ჭილაძე ნიკოლოზ ბარათაშვილის ნეშტის განჯიდან თბილისში გადმოსვენებას ძალიან საინტერესო ისტორიით იხსენებდა:

“… ნიკოლოზ ბარათაშვილის ნეშტის გადმოსვენება განჯიდან თბილისში, ხატის გადმოსვენებას ჰგავდა. ამ დიდებული მოვლენის, სრულიად გულგრილი და ობიექტური მოწმე, საიდუმლო პოლიციის აგენტი, მოხსენებით ბარათში წერდა:

“დედებს მოუყვანიათ თავისი პატარა შვილები, აჩოქებდნენ კუბოს წინ და თაყვანს სცემდნენ კუბოს, როგორც წმინდანის ნეშტს”-ო.

დედებს შორის ცოტამ თუ იცოდა პოეტის ჭეშმარიტი სიდიადე, მაგრამ ყველა ერთნაირად გრძნობდა ამ ამბის განსაკუთრებულობას. ეს ფაქტი დღესაც – ჩვენი თავისთავადობის წამლეკავი, ეროვნული საყრდენების დამანგრეველი ნიჰილიზმის აღზევების ჟამსაც, უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან ალბათ არასოდეს ყოფილა ასე საჭირო, ასე აუცილებელი კიდევ ერთხელ გახსენება იმ ჭეშმარიტებისა, რომ ჩვენი გადამრჩენი და მომავალში ადამიანური ცხოვრების გარანტია სწორედ სულიერი საგანძურია, უძველესი დროიდან თვალისჩინივით რომ უფრთხილდება ერი, როგორც ამქვეყნიურ ყველაზე დიდ მონაპოვარს და რომელიც მუზეუმის ხავერდოვან ბინდბუნდში გამომწყვდეული, დავანებული განძი კი არა, ცოცხალი, ქმედითი ძალაა…”