1 სექტემბერი, 2021

SOS! აბასთუმნის ობსერვატორია უდიდესი საფრთხის წინაშე

აბასთუმნის ობსერვატორია უდიდესი საფრთხის წინაშე დგას.

ინფორმაციას რომან აფაქიძე ავრცელებს:

“ორიოდე სიტყვა უნდა დავწერო აბასთუმნის ობსერვატორიაზე.

ის რაც დღეს აბასთუმანში ხდება, უბრალოდ დანაშაულია!

ყანობილის მთაზე, აბასთუმნის ობსერვატორიიდან დაახლოებით ერთ კილომეტრში, აღობილის გადასახვევთან, სადაც ადრე გლაზენაპის კოშკი (მას ადრე გიორგის კოშკსაც უწოდებდნენ) იდგა (იდგა, რადგან სასტუმროს მშენებლობას უშლიდაო ხელს და აიღეს), ახლა უზარმაზარი (ადგილობრივების თქმით შეკვეთილის პარაგრაფის ტიპის) სასტუმრო შენდება.

ვიღაც იტყვის, კარგია, ხალხი დასაქმდებაო, მაგრამ ეს უბრალოდ უვიცობის ბრალი თუ იქნება! იმ უვიცობის (და იმედია არა მიზანმიმართული მავნებლობის), რომლის გამოც ოლიგარქ ლადო პაპაშვილს, ჯერ ნაციონალური მოძრაობის (2009 წელი), შემდეგ კი კიდევ უფრო ოლიგარქი ივანიშვილის მმართველობის პირობებში, ამ სასტუმროს მშენებლობის უფლება მიეცა!

ახლავე აგიხსნით რატომ ვფიქრობ ასე. ჯერ ერთი, რომ ძალიან გაგიჭირდებათ აბასთუმანში ისეთი ადამიანის პოვნა, ვინც ამ სასტუმროს მშენებლობით რაიმე სარგებელს იღებს (სულ სასტუმროში 85 ადამიანის დასაქმებას აპირებენ), და მეორეც (ეს მთავარია), რომ ეს სასტუმრო აუცილებლად შეუშლის ხელს აბასთუმნის ობსერვატორიის ფუნქციონირებას.

გასაგებია, რომ იმ განათლების დონით, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანაში ფიქსირდება, ცოტა თუ ფიქრობს მეცნიერების სიკეთესა და შვილებისთვის რელევანტური განათლების მიცემის აუცილებლობაზე, მაგრამ… ჯერ ეს ერთი, რომ აბასთუმანი არაა ლოკალური დანიშნულების ობსერვატორია (ის ჩართულია მრავალ საერთაშორისო კვლევაში, მათ შორის NASA-ს ეგიდით მიმდინარე დედამიწისათვის სახიფათო ასტეროიდების აღმოჩენის პროგრამაში), და მეორეც, რომ საქართველოში, ასეა თუ ისე, არსებობენ ადამიანები (განსაკუთრებით აბასთუმანში), რომელთაც ესმით მეცნიერების ფასი.

მაშ, მოდით გვიპასუხეთ, ბატონო ოლიგარქებო და ყოფილი, მშენებლობაზე უფლების გამცემი ხელისუფლების წარმომადგენლებო! იცით თუ არა, რატომ შენდება ასტროფიზიკური ობსერვატორიები მთებზე და არა ბარში? სწორედ იმიტომ ხომ არა, რომ მთის მწვერვალებზე, სადაც ადამიანებს, როგორც წესი არა აქვთ დიდი დასახლებული პუნქტები, ცის გამჭვირვალობა უფრო მაღალია, ვიდრე ფოტონებითა და მტვრით დაბინძურებულ ქალაქებში? ფოტონი სინათლის ნაწილაკია, რომელიც სინათლის წყაროდან ყველა მიმართულებით იფრქვევა და სხვა ფოტონებთან (მაგალითად, ვარსკვლავებიდან მომდინარე ფოტონებთან) შეხვედრის შედეგად ურთიერთქმედებს მათთან (რაც დადგინდა 2017 წელს დეტექტორ ატლასზე სპენსერ კლეინის ჯგუფის მიერ წარმოებული ცდების შედეგად. ამ ურთიერთქმედების შედეგად ცა „იმღვრევა“. მანქანების გამონაბოლქვთან და ნებისმიერ მატერიალურ ნაწილაკთან შეჯახების შედეგად კი ფოტონი, როგორც წესი, უკუიქცევა და ესეც „ამღვრევს ცას“. არა მგონია, ისე აკლდეს პოპულარობა ამ სასტუმროს მშენებლობის დასრულების შემდეგ (2021 წლის ბოლოს იგეგმება სასტუმროს გახსნა), რომ თითო-ოროლა მანქანა მიადგეს მას დღეში.

მოკლედ, ყოველივე იმის წყალობით, რაც დღეს აბასთუმანში ხდება, ეს დაბა დაკარგავს იმას, რითაც ის ასე ხიბლავს სადღეისოდ არა მხოლოდ დამსვენებელს, არამედ სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლებს, ანუ სპეციალისტებსაც.

აბასთუმნის ობსერვატორიის ტეროტორიიდან (სხვათა შორის, აღობილის გადასახვევიდანაც), შეუიარაღებელი თვალით, ძალიან მკაფიოდ მოჩანს ე.წ. „ირმის ნახტომი“, რომელსაც ვხედავთ მაშინ, როცა ზეცაში ჩვენი გალაქტიკის ცენტრის მიმართულებით ვიყურებით. აქ ცის გამჭვირვალობა იმდენად მაღალია, რომ გლაზენაპი ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნეში წერდა, რომ აბასთუმნიდან შეუიარაღებელი თვალითაც შეიძლება ორმაგი ვარსკვლავების დაკვირვებაო (სწორედ ამიტომაც დადგა მან აღობილის გადასახვევთან პირველი ტელესკოპი).
ამ ყველაფერს, რაც აბასთუმნის ობსერვატორიას საინტერესოს ხდის მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოებისთვის, შეიძლება საფრთხე შეუქმნას ერთი ოლიგარქის მეორე ოლიგარქის მიერ წახალისებულმა სურვილმა, ფული იშოვოს იმ სახელის წყალობით, რომელიც ობსერვატორიამ აბასთუმანს მოუტანა.

იმ ავადსახსენებელ საბჭოთა პერიოდში ევგენი ხარაძე და მეცნიერები, ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ აბასთუმნის ობსერვატორიის სიახლოვეს არ ეარსება სინათლის ძლიერ წყაროს. საბოლოო ჯამში ახალციხემდე არ გვხვდებოდა იმდენად განათებული დასახლებული პუნქტი, რომ რაიმე ზიანი მიეყენებინა ობსერვატორიის ფუნქციონირებისათვის. ახლა კი აბასთუმანში ერთი ხომ ეს პაპაშვილის უზარმაზარი სასტუმრო შენდება, შენდება ასევე ივანიშვილის არანაკლებ გრანდიოზული სასტუმროც. არ ღირს ბატონო ოლიგარქებო ეს სასტუმროები აბასთუმნის ობსერვატორიად, რომლის მუშაობის შედეგადაც აღმოჩენილია 17 პლანეტარული ნისლეული, 3 ვარსკვლავთგროვა, არაერთი ემისიური და ზე-ახალი ვარსკვლავი, აქაური მეცნიერების მუშაობის შედეგად დადგინდა პირველად სატურნის რგოლების რეალური სისქე, აღმოჩენილ იქნა რამდენიმე ე.წ. „კუდიანი კომეტა“, შეიქმნა 14 ათასი ვარსკვლავის სპექტრული გამოსხივების კატალოგი… ყველაფერი ამ ობსერვატორიის მიღწევებზე არც ვიცი და რაც ვიცი, ვერც იმას ჩამოვთვლი სრულად.

ილიას უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ასტრონომიის მიმართულებით, გიორგი რამიშვილმა ჩემთან პოდკასტში ისაუბრა აბასთუმნის განლაგებაზეც. მან თქვა, რომ ის მდებარეობს ზუსტად შუაში ავსტრალიისა და ამერიკის დიდ ობსერვატორიებს შორის და სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი აქედან დაკვირვებების წარმოება, რადგან ჩვენ შეგვიძლია მივაწოდოთ მათ მონაცემები იმ დროს, როცა მათთან უკვე დღეა და დაკვირვებები არ წარმოებს.

და ამ დროს, როცა მილიონობით ოლიგარქიული დოლარი იხარჯება ამ სასტუმროების მშენებლობაზე, ობსერვატორიაში მუშაობს მხოლოდ 2 ტელესკოპი (რამდენადაც ჩემთვის ცნობილია არსებული 17-დან)!

მე მგონი ამას სხვა არაფერი ჰქვია, თუ არა მავნებლობა და დანაშაული! მაქვს ძალიან მქრქალი იმედი, რომ საზოგადოება გაიგებს აბასთუმნის მნიშვნელობასა და პრობლემას, რომელსაც მას ოლიგარქები უქმნიან საკუთარი მერკანტილური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად და მოახერხებს რამის შეცვლას, თუმცა აკი ვამბობ, ძალიან მქრქალია ეს იმედი…”

ხედი ირმის ნახტომზე აბასთუმნის ობსერვატორიიდან

ივანიშვილის მშენებარე სასტუმრო აბასთუმანში

პაპაშვილის მშენებარე სასტუმრო აღობილის გადასახვევთან

ასტროფიზიკური ობსერვატორიების მსოფლიო რუკა