15 სექტემბერი, 2021

საოცარი ნანა ცინცაძე

პოეტი ნანა ცინცაძე არაერთი ცნობილი სიმღერის ტექსტის ავტორია. მისი ლექსების სტროფები ისეთი მუსიკალურია, რომ კომპოზიტორები ერთი მეორეზე უკეთეს სიმღერებს მქნიან.

“არტ ინფო” გთავაზობთ პოეტის ლექსს “ეჭვების ჭია”:

“იყო დრო, შენი გზები დამდევდა,
მართლა მეგონე ჩემი საუნჯე.
თურმე ტყუილი ცისკარს არბევდა,
დღეს, გახსენება ძველის მამუნჯებს.
მაგ შენს სიცრუეს, გამხელილს, გვიან,
მე ვერ ვუშველე, არ მეყო ნიჭი.
სულში გაჩენილ ეჭვების ჭიას,
ვერ ამოვუღე ფიქრიდან ხიჭვი.
როდესაც ცეცხლზე, დამისხი ნავთი,
მაინც ღიმილი დავტოვე ფარად.
არ შემეცვალა, სახეზე ნაკვთი,
გაქვავებული მუმიის დარად.
… დე, ჩვენს გარშემო სჯეროდეს ყველას,
რომ ისევ იქ ვართ, ღმერთებთან, ცაში.
როცა მეგონა, შემეძლო შველა,
რა ბედნიერი ვიყავი, მაშინ.”