15 სექტემბერი, 2021

ოთარ რამიშვილის მხიარული ისტორიები

მომღერალი და კომპოზიტორი ოთარ რამიშვილი ხშირად იხსენებდა – ერთ დღეს ექიმმა მითხრა, ნუ სვამ, თორემ მოკვდებიო და რამდენიმე დღეში თვითონ მოკვდაო.

მიხეილ ზაქარიაშვილი ოთარ რამიშვილის მხიარულ ისტორიებს იხსენებს:

“ოთარ რამიშვილი არის თბილისელებისთვის და არა მარტო თბილისელებისთვის, მთელი საქართველოსთვის არაჩვეულებრივი სიმღერების ავტორი, განსხვავებული ხმის პატრონი და არაორდინალური კაცი, კოლორიტი რასაც ჰქვია ისეთი ადამიანი, რომელიც ალამაზებდა თბილისს და სრულიად საქართველოს! ის იყო ჩემთვის სულიერი მამაც, მეგობარიც, მასწავლებელიც და უსაყვარლესი ადამიანი!

ჩვენი შეხვედრა ფილარმონიაში შედგა ანსამბლ “ორერას” იუბილეზე! საოპერატოროში გამაგზავნა გენო ნადირაშვილმა, მიდი, ეგრედწოდებული ,,ბაბინა”‘აუტანე ოპერატორს და გაუშვი, მომასმენინე ახალი სიმღერაო!
მეც ავედი ცხონებულ მამაჩემთან ერთად, როცა შევედი საოპერატოროში, იქ დამხვდა ოთარ რამიშვილი და მისი არაჩვეულებრივი ულამაზესი მეუღლე გულნაზი… მამაჩემმა რომ დაინახა ოთარი, ,,ვა, მიხაილოვიჩო” დაიძახა და გადაეხვივნენ ერთმანეთს, მოიკითხეს და ოთარიმ უთხრა, ,,რამ შეგაწუხაო მიხაილოვიჩო” მამაჩემიც მიხაილოვიჩი იყო, იმასაც სამი ბიჭი ჰყავდა და ამასაც ცნობისათვის! მამამ უთხრა, ჩემი ბიჭი რაღაც სიმღერებს წერს და გვინდა “ორერას” ბიჭებს მოვასმენინოთო, თუ მოეწონებათ შეგვპირდნენ, რომ ჩასვავენ კონცერტშიო! ვა, მართლაო, გაიკვირვა ოთარმა. შვილო, გიტარაზე დაკვრა იციო? მე ვუთხარი თავდამბლურად ,,ისე რა მეთქი.” “მაშინ, აჰა, გიტარა და მომასმენინეო!” მეც გამოვართვი გიტარა და დავიწყე ,,დავლეეევ, დავლევ, აბა, რას ვიზამ” და იმ ადგილას, სადაც ვამბობ “შენ კი ძმაო ძველებური მადლიანი თბილისური შეუბერე”, რატომღაც ასე ვთქვი ღიმილით “შენ კი ოთარ ძველებური მადლიანი თბილისური შეუბერე მეთქი”. მოკლედ, მოვრჩი სიმღერას და იცით რა ქნა ამ ცხონებულმა? ერთ მუხლზე დაიჩოქა, მე ისედაც ვიჯექი, ვუკრავდი და მუხლზე მაკოცა სიტყვებით ,,მე მინდა რომ შენ ჩემი ძმაკაცი იყოვო” და ასეც მოხდა, დავძმაკაცდით მიუხედავად ასაკისა და იმ დღის მერე პრაქტიკულად სულ ერთად ვიყავით!

მერე ბევრჯერ შევხვედრივარ კონცერტებზე და სულ მეუბნებოდა იმ ფრაზაზე ,,რატო არ თქვი მამა შენ კი ოთარ ძველებურიო. ძალიან ბევრი გასახსენებელი მაქვს მასთან დაკავშირებით!

ერთხელ მთელი საქართველოს მაშტაბით გვქონდა კონცერტები და ფულის გადახდის დრო რომ მოვიდა, პროდიუსერმა მიგვატოვა! ქუთაისში ვიყავით და მითხრა, წამო, ჩემს ძმაკაცთან მიგიყვან და იქ დაველოდოთო და მიმიყვანა თაზო მონიავასთან… სამი დღე არ გამოვფხიზლებულვართ ისეთი დრო ვატარეთ. სიმართლე გითხრათ, სულ დამავიწყდა, ფული რომ ასაღები გვქონდა…

კიდევ მახსოვს, დაბადების დღეზე რომ დამპატიჟა, ცოლი არ წამოიყვანოო, გამიკვირდა, რატომ მეთქი და ნახავ შენი თვალით ყველაფერსო. მეც მოვემზადე რამდენიმე დღით ვაკეში მის სახლში ასასვლელად! წინა დღეებში ბევრი ვიფიქრე რა საჩუქარი წამეღო მისთვის, რა მოეწონებოდა და გამახსენდა, რომ თევზაობა და, საერთოდ, ზოგადად, თევზი უყვარდა და სახლში აკვარიუმი მქონდა, ადრე 4 თევზი მყავდა, მაგრამ სამი მომიკვდა და ერთი წითელი თევზი დამრჩა და ,,კაშეი ბესმერტნი” დავარქვი. აი, სწორედ ის აკვარიუმი გავახვიე გაზეთში და სახლში ავაკითხე. კარი რომ გამიღეს, ძალიან გაუხარდა ოთარს ჩემი დანახვა, ეგრევე დიდი ყანწი მომაწოდა ხელში და მითხრა, ყველა ვინც ჩემთან მოდის, სადღეგრძელო უნდა თქვას, კონკურსი მაქვსო… მეც დავფიქდი და ცოტა ხნის მერე ვუთხარი 4 თევზი მყავდა სამი მომიკვდა, ერთი დამრჩა და ,,კაშეი ბესმერტნი დავარქვი (როგორც მოგეხსენება ბესმერტნი უკვდავს ნიშავს რუსულად), შენც ამ უკვდავი კაშეივით დიდხანს იცოცხლე მეთქი, გაზეთი მოვხსენი და გავხსენი აკვარიუმიც! რა თქმა უნდა, ატყდა სიცილი და სადღეგრძელოებში გაიმარჯვეო მითხრა ოთარმა და სულ დავცალე ის ყანწი!

საერთოდ, მივხვდი მაშინ, რატომ მითხრა არ მოიყვანო ცოლიო, იმ დღეს იმდენი იუმორი იყო და იმდენი გინება, ცოლის იქ ყოფნა არ იყო საჭირო! იქ იყო ულამაზესი საზოგადოება ჩემი ავთო შარვაძეც იქ იყო და იყო სიცილი და მხიარულება…

არსებობს ერთი საოცარი პიროვნება – სოსო მაზმანიანი – სომეხი კაცია, მაგრამ მე მაინც სვანი მგონია ისეთი გვარი აქვს, ისეთი ზრდილობიანი, ისეთი განათლებული და წესიერი კაცია, მსგავსი მე არ მინახავს ჩემს ცხოვრებაში! ისეთი შავი იყო, ოთარი აშაყირებდა, ფიფქიას ეძახდა და მერე ორივე გულიანად იცინოდა ,,რა შავი ხარ, სიმონ დედაშენი რძის ნაცვლად მაზუთს ხომ არ გაწოვებდაო?”…

ბევრი კონცერტები მიჰყავდა იმ პერიოდში სოსოს, სწორედ მან გამამაცხადა ერთხელ ქალაქური სიმღერების უსტაბაშიო და აიჩემეს ოთარ რამიშვილმა და ავთო შარვაძემ სულ უსტაბაშს მეძახდნენ და ეგრეც დამრჩა ეგრედწოდებული კლიჩკა უსტაბაში!

სოსოსაც ძალიან ბევრი მოგონებები აქვს ოთარის ძალიან უყვარდა და ვიცი მოვა დრო, ისიც ბევრ რამეს გაიხსენებს! ჰოდა, ერთხელაც არაჩვეულებრივმა უსაყვარლესმა ქალბატონმა ლიგია მუშკუდიანმა კონცერტი მოგვიწყო რუსთავში, არაჩვეულებრივი კონცერტი იყო, მაშინ შუქები მიდი-მოდიოდა, მაგრამ ისეთი მაყურებელი იჯდა, 4 საათი ფეხი არ მოუცვლიათ! მახსოვს ქალაქის მერიც – ტყეშელაშვილიც იყო! მოკლედ, სოსომ გამომიარა მწვანე მოსკვიჩით, ჩავჯექით და ოთარისკენ გავემართეთ, მაგრამ როცა სახლში მივედით, გუგუმ გვითხრა არ არის ოთარიო, არადა კონცერტზე გვაგვიანდებოდა, რა უნდა გვექნა? დავიწყეთ უბანში ძებნა, მთელი ვაკე გადავაქოთეთ და ბოლოს ერთმა გვითხრა, დენის ოთახში იქნებაო, ვა, ცოტა გავიკვირვეთ დენის ოთახში რა უნდოდა ამხელა ძაბვა გადის, მაგრამ მაინც მივაკითხეთ და რას ვხედავთ – ოთარი და ვიღაც კაცი ზიან და არაყს ურტყამენ… სოსო გაგიჟდა, მე კი მეცინებოდა, სოსომ უთხრა გაბრაზებულმა, რას შვები, მიხაილოვიჩ, ხომ იცი რომ რუსთავში კონცერი გვაქვსო, აბა, ჩქარა ჩაჯექი მანქანაშიო, ჩავაგდეთ მანქანაში წინ, მე უკან დავჯექი და გავქუსლეთ რუსთავისკენ!

მანქანაში ოთარი ოხუჯობის ხასიათზე იყო, გვაცინებდა, რაღაცეებს გვიყვებოდა და რუსთავის გასასვლელში მილიციამ გაგვაჩერა. გადმოხტა მანქანიდან და იცი მანქანაში ვინ გვიზისო, დავლევ აბა რას ვიზამო, თითქოს თვითონ არაფერს წარმოადგენდა. მილიციელმა, რა თქმა უნდა, იცნო ოთარი და უთხრა გადააყენე მანქანა და წავიდით ჩემთან სახლშიო. დიახ, ბატონებო, მაშინ ყველამ პატივისცემა იცოდა, თქვენ წარმოიდგინეთ მილიციამაც კი, ასე გაძაღლებულები როგორც ზოგ-ზოგიერთი ახლანდელი პოლიციელია, არ იყვნენ…

მოკლედ, ოთარიმ უარი უთხრა, კონცერტი გვაქვს და როგორმე მერე შევხვდეთ და მაგრად ვიქეიფოთო… გავნგრძეთ გზა და უცებ ოთარი მეუბნება, უსტაბაშ, ერთი ტრამვაი მომაწოდეო… ვა, მე და სოსომ სარკეში გადავხედეთ ერთმანეთს, ვაიმე, ვიფიქრეთ, ალბათ ბელაია დაეწყო და რა გვეშველებაო, თურმე კოკა-კოლის გრძელ ბოთლს ეძახის ტრამვაის… მერე აგვიხსნა სიცილით ,,ადრე ორვაგონიანი ტრამვაი დადიოდა და იმას ჰგავსო”. ჩვენც, რა თქმა უნდა, გაგვეცინა და მივაწოდე ტრამვაი, ანუ კოკა კოლა!

როგორც იქნა, ჩავედით რუსთავში, შეგვიყვანეს პატარა საგრიმიოროში, მე უკვე ჩაცმული ვიყავი, შავი ტანისამოსი მეცვა და ჩემი განუმეორებელი ქუდი მეხურა, ალბათ ზამთრის დღეები იყო, იმიტომ რომ კაშნეც მეკეთა! ვდგავარ ასე კულისებში და მოდიან ინტერვიუებს იღებენ ჩემგან, იქ ტელევიზიაც შევიდა და უცებ კულისებში ვიღაცამ შემომატრიალა და რას ვხედავ, ტრუსიკში დგას ოთარი და ტუფლებს წმინდავს “სიმონ, ტალახიანი იყო და ასე ხომ არ გამოვიდოდიო”. არადა კულისებში ხალხი დადიოდა, ეგრევე შევაგდე საგრიმიოროში და ჩავურაზე კარი. ინტერვიუ როცა მივეცი. მერე გავუღე! ძალიან სახალისო დღე მქონდა.

მოკლედ, გადავწყვიტეთ, პირველ განყოფილებაში ოთარი გამოვიდოდა, მეორეში – მე. იმას დალევა უნდოდა და იმიტომ აირჩია ასე! კონცერტი დაიწყო, ისეთი ოვაციები იყო, დაინგრა დარბაზი, ოთარიმ ისეთი შოუ მოაწყო, მსგავსი არ მინახავს, დარბაზი დაწვა სიცილით! ახლა ის ისტორია, რომელსაც გავიხსენებ ყველას ჰგონია რომ სხვამ მოიგონა, მაგრამ მე ვიყავი ამის მომსწრე და იქ დარბაზში მსხდომი მაყურებელი…

ოთარიმ დაიწყო სცენაზე ,,ადრე ხმა წამივიდა და კონსერვატორიაში მივედი ანგიოლოგთან, ერთი მაგარი ექიმი მეგულებოდა, სოფო, და იმან მითხრა, ბატონო ოთარ, კვერცხი უნდა ყლაპოთო, მე ვუთხარი, ქალბატონო სოფო, კვერცხი რომ ხმას შველოდეს, მაშინ ქათამს უკან კონსერვატორია ექნებოდაო”…. მე ახლა კულტურულად დავიწერე, იმან კიდევ პირდაპირ თქვა, ტრაკის სხვა განმარტება! მოკლედ, დარბაზი გადაფიჩინდა…

მეორე განყოფილებაში მე გომოვედი, ბოდიშებს ვუხდიდი მსმენელს ოთარის ასეთ გამონათქვამებზე, მაგრამ იცით რას მივხვდი? ამ კაცს, ისე უყვარდათ, ყველაფერს პატიობდნენ. ოთარს რაც უნდა ეთქვა – სახლში, ქუჩაში თუ სცენაზე, ის მართლაც სახალხო პიროვნება იყო! მეორე განყოფილებაში გამოვედი და წინა რიგებში დავინახე ჩვენი ლეგენდა რობერტ ბარძიმაშვილი. თურმე ბილეთი უყიდია. ის შემდეგ ბანკეტზეც იყო. სურათიც დამრჩა სამახსოვროთ და გაგვაბედნიერა თავის იქ ყოფნით, საქებარი სიტყვები არ დაიშურა ჩემი და ოთარის მისამართით…

ძალიან ბევრი გელაპარაკეთ, მაგრამ ეს კიდევ შევამოკლე ამ გენიოსი ადამიანის მოგონებები, ღმერთმა ნათელში ამყოფოს ოთარ რამიშვილის სული, მისი საიუბილეო რამოდენიმე კონცერტიც წავიყვანე, ბანკეტზე თამადაც ვიყავი, ამის კადრების არის და თუ მიშა რამიშვილი მომაწვდის, დავდებ და გავახარებ მისი სიმღერების თაყვანისმცემლებს.

მისი სიმღერები ხო უკვდავია! მისი სიტყვებით დავამთავრებ – გაუფრთხილდით ხელოვან გენიოს ადამიანებს თორემ ,,რომ კარგავენ მის ფასს მერე იგებენ…”