ნოდარ დუმბაძის ყველაზე მაგარი წერილი

ნოდარ დუმბაძის ყველაზე მაგარი წერილინოდარ დუმბაძის შემოქმედების მოყვარულებს განსაკუთრებულად უჭირთ მისი ლექსებიდან, მოთხრობებიდან თუ რომანებიდან საუკეთესოს გამორჩევა.

“არტინფო” გთავაზობთ შემოქმედის წერილს, რომელიც ჩვენთვის ყველაზე მაგარია:

“…ჩვენს ეზოში უამრავი ბავშვი თამაშობს და იზრდება. მათ შორის ჩემი პატარა გოგოც…. ჰოდა, ნუ მაყურებიებთ იმის საცოდაობას, ნუ გადამირევთ ცოლს და ნუ გადამრევთ მეც…
არა და, როგორი მოსასმენია ყოველდღე ბავშვისათვის, როდესაც აივანზე გადმომდგარი დედები მის მეგობრებს ასე უხმობენ:

– ლუიზა! ამოდი, დედა გენაცვალოს! ოთხკვერცხიანი ტაფა-მწვარი შეჭამე, ზედ გუშინ რომ მამას შოფერმა ექვსი კილოგრამი შავი ხიზილალა მოუტანა, რუმინულ ზეთისხილთან, მექსიკურ ანანასთან, ერთ ყუთ იტალიურ ფორთოხალთან და თურქულ ხალვასთნ ერთად, ის დააყოლე და ისევ ჩადი, შენი ჭირიმე, ჩემო გოგო, შენისთნა რომ ეზოში არავინ დადის, ისეთო!…

ან:
– ნუნუკა! ამოდი, შვილო, და გუშინწინ რომ მამაშენმა სადოქტორო დაიცვა ერთხმად და ბრწყინვალედ, იმის აღსანიშნავი ბანკეტი რომ გადავიხადეთ და აკადემიკოსმა რომ უთხრა მამაშენს, ბედნიერია ის ერი, სადაც შენ მოღვაწეობო, იმ აკადემიკოსის მეუღლემ ჩეხური კონფიტიური რომ მოგვართვა და თქვა, ღმერთო, ეს რა ოჯახი გავიცანიო, ის კონფიტიური ჭამე და ისევ გაგიშვებ ეზოში, ამასობაში მოსკოვიდან თუ არ დარეკეს და ვოკრუგ ევროპის საგზური თუ არ გამოგვიგზავნეს. ამოდი, დედა გენაცვალოს, ტრიკოტინის კაბა მაცვია და ასე შინაურულად ნუ ჩამიყვან ეზოში!…

ან:
– მერაბიკო! ამოდი, ინგლისური მოამზადე, თორემ საცაა ფრანგულის მასწავლებელი მოვა და გერმანულის მასწავლებელთან წასვლას ვერ მოვასწრებთ. მე ამასობაში ბეკერის როიალს გადავწმინდავ, კარელსკაია ბერიოზას ავეჯს გავაპრიალებ, ტელევიზორ ელექტრონს ჩავრთავ, მაგნიტოფონ უნივერსალს გამოვრთავ, მამას დავურეკავ, შავი ვოლგა გამომიგზავნოს და მერე ნორკის შუბის გამოსატანად წავალ, თორემ ის კარაკულის შუბა მოდიდან გამოდის, ამოდი, შემოგევლოს სახელოვანი მშობლები!…

ან:
– გულსუნდა! გეყოფა შვილო, თამაში! მე და მამაშენი საზღვარეთული ფილმის გასინჯვაზე მივდივართ, სულ ოთხი მოსაწვევი მოსულა საქართველოში და ორი ჩვენ გამოგვიგზავნეს, შარშანდელის არ იყოს, მამაშენი ძალით რომ წარადგინეს ლენინურ პრემიაზე, თვითონ რომ არ უნდოდა, ისე. ამოდი აწი, თორემ ზევიდან რეკავენ, უთქვენოდ არ ვიწყებთ ამ გადასარევ ფილმს, რომელიც მხოლოდ ერთი დღითაა, თურმე, ჩამოტანილი… ამოდი, გენაცვალე, შენ რომ კამფეტი გიყვარს, ის თხუთმეტათასიანი ბროლის ვაზის გვერდით რომ თვრამეტათასიანი ჩინური ლარნაკია, იმაში დევს და ჩვენს მოსვლამდე თავი შეიქციე…

ან:
– გივიკო! რამდენჯერ უნდა გითხრა, ნუ დარბიხარ-მეთქი, თუ გინდა შარშანდელივით, სწორედ იმ დროს ტელევიზორში გადმოცემა რომ უნდა ყოფილიყო მამაზე, როგორც უნიჭიერეს მწერალზე, არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ საბჭოთა კავშირსა და დემოკრატიულ ქვეყნებშიც. მისი წიგნები რომ ყველგან იბეჭდება და მამაშენმა რომ უარი თქვა, არ გინდათო, – შენ კი ამასობაში ეზოში თამაშობდი, გაოფლიანდი და გაცივდი. მერე მამამ რომ ავსტრალიიდან წამალი ჩამოგიტანა და შთაბეჭდილებებით რომ გამოვიდა რადიოში პირველი პროგრამით… ამოდი ახლა, გეყოფა!…

.. და ამ დროს ჩემი ცოლი ეძახის ჩემს შვილს:

– ამოდი შვილო ქეთინო, მამაშენი მოვიდა გალეწილი მთვრალი და შარვალს ვერ ვხდით!..

კარგი მოსასმენია?
არ არის კარგი მოსასმენი!

ჰოდა, გემუდარებით, ნუ გადამირევთ ცოლ-შვილს, ნუ გადამრევთ მეც, ჩაიბარეთ თქვენი ბინა, მე კი წავალ, დავიქირავებ სადმე უეზოო, უფანჯარო, ულოჯო, უმეზობლო ბინას, ჩავიკეტები შიგ და, მოკლედ, ჩემს ცოლ-შვილს მე მივხედავ!”