30 სექტემბერი, 2021

გამხიარულდით ნუგზარ შატაიძესთან ერთად

მწერალ ნუგზარ შატაიძეს აქვს ძალიან კარგი მოთხრობა “დურმიშხან ბერუაშვილის პიჯაკი” – მოჭიდავე დურმიშხან ბერუაშვილზე, რომელიც გიგანტური აგებულების მოჭიდავე იყო:

“დურმიშხან ბერუაშვილი ხომ გახსოვთ – ქარელელი მოჭიდავე, მაგარი ბიჭი. ღმერთმა აცხონოს, ახალგაზრდა გარდაიცვალა. ეს დურმიშხანი, ჭიდაობას რომ თავი დაანება, ხილის დამზადების პუნქტში გამგედ დანიშნეს. ერთხელ დამიძახა და მითხრა – ჟორაო, ვაშლი უნდა წავიღოთ რუსეთში შენი მანქანით და არ გაწყენინებ, რასაც სხვა გაძლევს, მეც იმდენს მოგცემო. წავიღოთ მეთქი.

დავტვირთეთ ჩემი ,,მაზი”, გადავიწერეთ პირჯვარი და გავუდექით რუსეთის გრძელ გზას.

მივდივართ, ვყვებით ამ მთისას, იმ ბარისას. დურმიშხანს დასცხა, გაიხადა პიჯაკი და კარს ზემოთ მიმაგრებულ საკიდზე ჩამოკიდა. პიჯაკის ლაცკანზე სპორტის ოსტატის ნიშანი უკეთია.

გავიარეთ გორი, იგოეთი, ნატახტართან მარცხნივ გადავუხვიეთ და დავადექით საქართველოს სამხედრო გზას.
ფასანაურში დურმიშხანს ჩაეძინა, მე კი ჯერ ყოჩაღად ვარ, იმხელა გზა მაქვს გასავლელი, რა დამაძინებს!
მლეთის ტეკს რომ მივატანეთ, გულმა რეჩხი მიყო. საერთოდ, ეგრე ვარ – წინასწარ მიგრძნობს ხოლმე გული, გამაჩერებენ თუ არა.

მართლაც, მლეთის ტეკზე გამაჩერეს.

გადავაყენე მანქანა, ავიღე საბუთები და ის არის უნდა ჩავიდე, რომ რაღაც ეშმაკი შემიჯდა თავში – ვიფიქრე, მოდი, დურმიშხანის პიჯაკს მოვიხურავ, სპორტის ოსტატის ნიშანს რომ დამინახავენ, იქნებ ისე აღარ მაჯანჯღარონ-მეთქი. მართლაც, ჩამოვხსენი პიჯაკი, მოვისხი მხრებზე და გადავედი მანქანიდან.

ინსპექტორები ბევრნი არიან, რატომ ერთი ხუთი კაცი არ იქნება. მივედი, მივუტანე საბუთები ერთს – დიდ, ზონზროხა ბიჭს, სულ ცოტა, ას ორმოც კილოს მაინც.

გამომართვა, ჩაათვალიერა და ბოლოს სპორტის ოსტატის ნიშანს დაადო თვალი:
– რა არი, ბიჭო, ჭიდაობო?

ისევ რაღაცა ავი მიგრძნო გულმა, მაგრამ იხტიბარი აღარ გავიტეხე: ვჭიდაობ მეთქი.

– მაშ, მოდი, დამეჭიდე, ხო ვიცი, რა ვაშლიც მიგაქვს, თუ წამაქციე, ალალი იყოს შენზე, კაპიკი არ მინდა, ისე გაგატარებ, მაგრამ მე თუ წაგაქციე, იცოდე სამასი მანეთი უნდა ჩამოყაჭოო.

მოგროვდნენ, შემოგვეხვივნენ გარშემო დანარჩენი ინსპექტორებიც, გვიყურებენ და იცინიან.
მე ვუთხარი, ამხელა გზაზე მოვდივარ, ამხელა ,,ბარანკას” ვატრიალებ, სადღა მაქვს მაგის ჭიდაობის თავი… აგე, მანქანაში ,,პამოშნიკი” მიზის, დავუძახებ და იმას დაეჭიდე-მეთქი.

იმან იფიქრა, – ეს მაიმუნი რა არის, ამისი პამოშნიკი რა იქნებაო და – კარგი, დაუძახეო!
მივედი, დურმიშხანს ისევ ტკბილად სძინავს. ფრთხილად შევანჯღრიე – დურო, დურო-მეთქი!
გაახილა თვალები და შემომხედა – ჰა, რა იყოო!
ვუთხარი როგორც იყო საქმის ვითარება.
ჩამოისვა სახეზე ხელი, გაიცინა ,,კარგი, ვნახოთო” და გადმოვიდა მანქანიდან.

წავედით, მივედით იმ ინსპექტორთან.
სეირის მოლოდინში მთელი ტეკი იქ მოგროვილა, გვიყურებენ, იკრიჭებიან.
შევხედე ამ ჩემს ინსპექტორს – ბაყბაყ დევი გეგონება!
– აბა, დამეჭიდებიო? – ეკითხება დურმიშხანს.
– დაგეჭიდები, ოღონდ აგე იქით გადავიდეთ, ბალახზეო…
– არაო, – გაჯიქდა ის, – გინდა თუ არა, ასფალტზე უნდა ვიჭიდაოთო!
– მაშ, კარგიო, დურმიშხანმა, ბატონი ბრძანდებიო…
მოიხადა ინსპექტორმა ქუდი, მიაწოდა თავის ამხანაგს და იქიდანვე გამოქანდა დურმიშხანისკენ – ზვავივით წამოვიდა!

შეშინებაც ვერ მოვასწარი, რომ უეცრად, დავინახე, როგორ აყირავდა ის იმოდენა კაცი, რანაირად აასხმარტალა ჰაერში ფეხები და ასფალტზე ისე დაენარცხა, მეგონა, მიწა იძრა-მეთქი!

დურმიშხანი წავიდა და ჩაჯდა ისევ მანქანის კაბინაში.
ინსპექტორი კი შუა ტრასაზე წევს, ვეღარა დგება. აუვლიან ეს მანქანები და ჩაუვლიან, აუვლიან და ჩაუვლიან, ვიღასა სცხელა მაგათთვის!

მეც იქვე ვდგევარ დაბნეული, შეშინებული, მხრებზე კი დურმიშხან ბერუაშვილის პიჯაკი მაქვს მოხურული, რომელსაც ბორტზე სპორტის ოსტატის ნიშანი უკეთია…

ინსპექტორმა როდის-როდის წამოიწია, მტკივან წელზე ხელი შემოიდო, მიყურა და ბოლოს მითხრა, იმის ასე და ისე, ის კასტუმი იმისი იქნებოდაო!”