6 აგვისტო, 2021

ტარიელ ხარხელაურის სპეციალური განცხადება

პოეტი ტარიელ ხარხელაური სპეციალურ განცხადებას ავრცელებს:

“26.05.2013

ბოლო პერიოდში, ქართულ მწერლობაში განვითარებული მოვლენები დიდ გულისტკივილს იწვევს ჩემში. სამწუხარო ფაქტია, რომ მწერლებმა საერთო ენა ვერ გამოვნახეთ და წარმოიქმნა ერთგვარად დაპირისპირებული მხარეები…

ჩვენს სამშობლოს, ამ უდიდესი გაჭირვების ჟამს, ყველაზე მეტად ერთიანობა სჭირდება. არადა იქმნება ისეთი გაურკვეველი მდგომარეობა, როცა რომელიმე მხარეს დგომა, მეორისაგან აღიქმება როგორც ვინმეს წინააღმდეგ ყოფნა.

მთელი ჩემი ცხოვრება და შემოქმედება ემსახურებოდა ქართველი ხალხის ერთიანობასა და სიყვარულს, ურთიერთშერიგებასა და მიტევებას. არც ამჯერად ვაპირებ ვუღალატო ჩემს პრინციპებს…

აქედან გამომდინარე, ვტოვებ მწერალთა კავშირს და საერთოდ წინააღდეგი ვარ ყოველგვარი გაერთიანების წევრობისა, რომელიც ხელს უწყობს ქართული მწერლობის რაიმე მხარეებად დაყოფას და ეროვნული მწერლობის დაკნინებას. ორივე მხარეს დგანან ჩემი მეგობრები, რომლებთანაც ურთიერთობა ჩემთვის დიდი პატივია და რომელთაც ყოველგვარ კავშირზე თუ გაერთიანებაზე მაღლა ვაყენებ… ტახტზე ფიქრია იოლი – დავითობაა ძნელი!

თქვენით სავსე და უთქვენოდ მტვერზე უფრო მცირე ტარიელ ხარხელაური.”

ეს განცხადება არის პასუხი იმ წერილზე, რომელიც კულტურის მინისტრს – თეა წულუკიანს მწერლებმა  მისწერეს და მასზე ტარიელ ხარხელაურის ხელმოწერა დაფიქსირდა. პოეტმა ამ განცხადებაზე ხელმოწერა უარყო:

“რა ძალიან გული მტკივა, მაჟრჟოლებს და ტანში მზარავს…“
ძალიან ვწუხვარ… დიდი გულისტკივილით, მაგრამ მაინც საყვედურის თქმა მომიწევს ჩემი მეგობრებისთვის, ჩემთვის მეტად ღირებულ და უაღრესად პატივსაცემი ადამიანებისთვის, რომელთა ხელმოწერებთან ერთად ჩემი ხელმოწერაც გაჩნდა ,,საერთო გაზეთში,, გამოქვეყნებულ წერილზე…

მაგრამ განა ვინმე დაიჯერებს, რომ ტარიელ ხარხელაური, რომელმაც შვილის მკვლელის შეძულებაც ვერ შეძლო, ასეთ წერილზე ხელს მოაწერდა?!

არა, ბატონებო! – ცდებით… ასე არ მიცხოვრია, ეს არაა ჩემი ცხოვრების წესი. ჩემთვის ზიზღისა და სიძულვილის ენა მიუღებელი იყო წარსულში, მიუღებელია ახლა, მიუღებელი იქნება მომავალში, რადგან მიმაჩნდა და მიმაჩნია, რომ მწერლის მოვალეობაა იყოს შუამავალი უფალსა და საზოგადოებას შორის, და ამ სიყვარულით ნაკლულ წუთისოფელში, ერთმანეთთან თანაცხოვრების აუცილებლობაზე სიყვარულის ენით ისაუბროს. ამ წერილში კი, ჩემდა გასკვირად, ამას ვერ ვხედავ, ღვარძლიანი ენა, როგორადაც არ უნდა სამართლიანად მოგვეჩვენოს, ვერ იქნება და არც გამოდგება საზოგადოების შემკვრელად და გამაერთიანებლად…

აი, კიდევ ერთი და ძირითადი მიზეზი, თუ რატომ არ მოაწერდა ტარიელ ხარხელაური ხელს ამ წერილს…
2013 წელს, 26 მაისს, სწორედ ერთმანეთის გაუცხოებამ, ერთმანეთის მიუღებლობამ გამაკეთებინა განცხადება მწერალთა კავშირის დატოვების შესახებ…

იქ, სადაც სიყვარული უხერხემლოა, ჩემი ადგილი არაა და არც არასოდეს იქნება. ამის უფლებას ის სიყვარული არ მაძლევს, რაც ჩემმა ხალხმა წუთისოფლის საგზლად დამიწესა.”