22 აგვისტო, 2021

ნიკოლოზ რაჭველის არაჩვეულებრივი ინიციატივა

ეროვნული სიმფონიური ორკესტრის დირიჟორი ნიკოლოზ რაჭველი არაჩვეულებრივი ინიციატივით გამოდის – ის მზად არის პანდემიის დასრულების შემდეგ, დაუღალავად მართოს მუსიკალური საღამოები ყველა იმ ექიმისთვის, ექთნისთვის თუ სანიტრისთვის, ვინც კოვიდთან ბრძოლაში დაუღალავად იბრძვის:

“ხანდახან ძალიან მინდება სტატუსის დაწერა და გაზიარება, მე ჩემი საქმიდან გამომდინარე, საზოგადოებასთან ურთიერთობა ძალიან მიყვარს და ამ დროებაში უსაზღვროდ მაკლია და მენატრება. მაგრამ დავფიქრდი და ბოლო დღეების კოვიდ-სტატისტიკის გამო, მომერიდა კარგი ამბების გახსენება და მასზე წერა, არც უარყოფითი, სევდიანი შინაარსის წერილის გაზიარებაა ჩემი სურვილი. მერე შევხედე ფეისბუქის ჩარჩოს, რომელიც სტატუსის შექმნისთვის კითხვას გისვამს: რაზე ფიქრობ?

ჩავუღრმავდი. ამ წუთას ვფიქრობ ჩვენს ექიმებზე, ექთნებზე, სამედიცინო სფეროში მომუშავე ყოველ ადამიანზე კარისკაციდან და დამლაგებლიდან დაწყებული, კლინიკის ხელმძღვანელებით დამთავრებული და წარმოვიდგინე, რა უდიდესი ტვირთი აქვთ მხრებზე ვაჟკაცურად აკიდებული და რისი გამკლავება უწევთ. როგორც სამშობლოს დასაცავად ბრძოლის ველზე გაჭრილ არმიას გენერლებით, ჯარისკაცებით თუ უბრალო მოხალისეებით. ვისურვებდი მათი მართლაც უანგარო, უპირობო და ჩვენ ქვეყანაში მეტთათვის მატერიალურად დაუფასებელი შრომა ოდესმე მაინც იქნას სათანადოდ შეფასებული და აღიარებული. პანდემია რომ დასრულდება, და თუ მე და ჩვენს ორკესტრს ელემენტარული საკონცერტო სივრცე გვეღირსება, მზად ვარ დაუღალავად ვმართო მუსიკალური საღამოები მათთვის, მე ამით თუ შევძლებ ქედის მოხრას და უზარმაზარი მადლიერების გამოხატვას!

რაც შეეხება მეორე საფიქრალს, ჩვენში ეგზისტენციალურ საკითხად რომ იქცა – პრო და ანტივაქსერების დაპირისპირება, მივხვდი, რომ აქ ერთადერთი ლოგიკა იმუშავებს: სიკეთის, როგორც გადარჩენის მოცემულობის! სიკეთეს კი მე ვხედავ საკუთარი თავის და გვერდით მყოფი ადამიანების გაფრთხილებაში. დღეს კი გაფრთხილება ნამდვილად უდრის აცრას, პირბადით სარგებლობას, დისტანციის დაცვას, ჩვევებისგან და სურვილებისგან დროებით თავშეკავებას!

მესამე საკითხიც არის დღეს ფრიად აქტუალური: რა დამოკიდებულება უნდა გვქონდეს საკუთარი CV-ს გადაკითხვისას. როგორც მრავალი რეგალიის მქონე თავდაჯერებულმა ქალბატონმა ბრძანა ფეხზე უდგება მის მიღწევებს. ჰოდა “გავარტყი” ყველა იმ მიღწევას, რომლის უკან სიბნელეა!

დაბოლოს: დავიძინებ და ხვალ დილას ჩემს ცნობიერებაში აიხლართება ამ სტატუსის ქვეშ დაწერილი კომენტარები, ლაიქები, გულები და ბოლო 24 საათში გარდაცვლილთა და ინფიცირებულთა რიცხვები. არც კი ვიცი სად რა ბალანსდება, სად ცვლის ტკივილს სიხარულის განცდა, სად ვარ გულწრფელი და სად ვარ რეალობისგან შორს მორბენალი, მაგრამ ბოლომდე მჯერა, ვისაც როგორ შეგვიძლია, ისე უნდა მივიღოთ მონაწილეობა კოვიდის და უიმედობის დამარცხებაში, ოღონდ ზუსტი რეცეპტი არ მაქვს და თუ ვინმე კარგ რჩევას მომცემს, სიხარულით გავიზიარებ!”