17 აგვისტო, 2021

ნაღვარევის წმინდა გიორგის ეკლესია საოცარი ისტორიით

სოფელ ნაღვარევის წმინდა გიორგის ეკლესია ნატეხი ქვითაა ნაგები და საოცარი ისტორია აქვს.

XII საუკუნეში მთაზე აგებული პატარა ტაძარი XVI საუკუნეში მეწყერმა ბარში საძირკვლიანად ისე ჩამოიტანა, რომ ერთი ბზარიც არ გასჩენია. მთიულებმა ეკლესიას ნიაღვრით მობრძანებული ტაძარი უწოდეს. სხვადასხვა ცნობა ადასტურებს, რომ ნიაღვრით მთიდან ბარში ჩამობრძანებული ეს ეკლესია სამეფო კარის სალოცავი იყო და არა სამრევლო. XVI საუკუნეში  გამაგრების მიზნით ეკლესიას სამრეკლო მიაშენეს.

1795 წელს აღა მაჰმად-ხანთან ბრძოლაში კრწანისის ველზე მეფე ერეკლემ დასახმარებლად მთიულებსაც უხმო. 300 არაგველი შეიკრიბა. მეომრები ლომისაზე ასვლას ვერ ასწრებდნენ და ნაღვარევში დაიფიცეს, რომ ან გამარჯვებულები დაბრუნდებოდნენ, ან მტერს უკანასკნელ წვეთამდე შეებრძოლებოდნენ. ბრძოლიდან ცოცხალი არც ერთი მათგანი არ დაბრუნებულა.

XIX საუკუნეში ტაძარი შეათეთრეს. დაიფარა ფრესკები და წარწერები. XX საუკუნის 30-იან წლებში სოფელი დაიმეწყრა და ეკლესია მიწამ დაფარა. 80-იან წლებში მოსახლეობამ ეკლესია გაწმინდა,

წლების შემდეგ, რესტავრატორმა თამარ გოჩიაშვილმა კოლეგებთან ერთად ტაძარს შეთეთრებული ფენა მოაშორა და გამოჩნდა ფრესკები და საკურთხევლის წარწერა – “მოიხსენე, უფალო, მხატვარი მათე და მისი ოჯახი.”