გოჩა ლომია – მაყურებლის სიყვარულით განებივრებული ბოლოკა

გოჩა ლომია - მაყურებლის სიყვარულით განებივრებული ბოლოკამართალია, გოჩა ლომია პროფესიით მსახიობი არ ყოფილა, მაგრამ რეზო ჩხეიძის ფილმში “ღიმილის ბიჭები” შესრულებული ბოლოკას როლი საკმარისი აღმოჩნდა, ათასობით მაყურებლისთვის საყვარელი პიროვნება გამხდარიყო.

იშვიათია შემთხვევა, როდესაც ერთი როლის შესრულებით ახერხებენ საზოგადოებას სამუდამოდ დაამახსოვრონ თავი. ის კი არადა, მის შვილს “ბოლოკიჩი” შეარქვეს.

“ღიმილის ბიჭების” შემდეგ, რეზო ჩხეიძემ გოჩა ლომია “ნერგებშიც” მიიწვია, თემურ ფალავანდიშვილმა კი “მოხეტიალე რაინდებში” ათამაშა, თუმცა მაყურებლისთვის ის სიცოცხლის ბოლომდე ბოლოკად დარჩა.
რეზო ჩხეიძის “ღიმილის ბიჭებში” მოხვედრას კი თავის ლაღ ხასიათს და გაბედულებას მიაწერდა და როლზე დამტკიცების ისტორიას ჟურნალისტებს ხშირად უამბობდა:

“15 წლის ვიყავი, როდესაც „ღიმილის ბიჭებს“ შორის, შემთხვევით აღმოვჩნდი. მიმიყვანეს პიონერთა სახლში. თუ განათლების დარგში ვინმე რამეს წამოადგენდა რაიონის მასშტაბით, ყველა იქ დამხვდა თავმოყრილი.
– კინოში გადაღება გინდაო? – მკითხეს. – ეგ ვის არ უნდა-მეთქი, – ვუპასუხე. – აბა, ლექსი წაგვიკითხეო. – ლექსს ვერა და თუ გინდათ, ანეკდოტს მოგიყვებით-მეთქი, – გამოვუცხადე და მოვხსენი გუდას პირი. ჯერ იცინეს, მერე სიცილისგან იტირეს…

იმ დღიდან 2 კვირის თავზე, თბილისში ჩამოვედი სინჯებზე. კახა ქორიძესთან ერთად ჩამაწერინეს რამდენიმე სცენა და მალევე მახარეს, როლზე დაგამტკიცესო. დაჯერება მიჭირდა, სიხარულისგან დავფრინავდი.“