სიმართლე ხელოვნების მუზეუმზე!

სიმართლე ხელოვნების მუზეუმზე!შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმთან დაკავშირებით საზოგადოების ვნებათაღელვა არ ცხრება.

ნატაშა ლომოური ხელოვნების მუზეუმთან დაკავშირებით სიმართლეს გვიზიარებს:

“მამაჩემი 12 წელი იყო ხელოვნების მუზეუმის დირექტორი, ძალიან რთულ პერიოდში – 1992-2004 წლებში. მიუხედავად იმისა, რომ ამ დროს უკვე უნივერსიტეტის ყოფილი პრორექტორი, აღიარებული და დაფასებული მეცნიერი, არქეოლოგი და ლექტორი იყო, ისეთი შთაბეჭდილება მქონდა, რომ ეს საქმე მისი ცხოვრების მთავარი საქმე იყო. ხელოვნების მუზეუმის ჩაბარება ურთულესი პასუხისმგებლობა და ამავდროულად დიდი პატივი იყო მისთვის, რადგან ასეთი ნდობის გამოხატვა არ იყო პატარა საქმე.

ძალიან რთული იყო 90-იან წლებში მუზეუმის ხელმძღვანელობა, თითქმის არანაირი სახსრები არ არსებობდა როცა იწყებდნენ, ხან დენის თანხას ვერ იხდიდნენ და ხან გათბობის! თუ სწორად მახსოვს, იმხანად ქალაქის მერმა ნიკო ლეკიშვილმა საკუთარი ფულიც კი მისცა ერთ-ერთი მორიგი ინფრასტრუქტურული კრიზის დროს და ვაიმე რამდენი ხანი წუხდა მერე მამა, ეს ფული როგორ დავუბრუნოო!

მაგრამ იმ წლებში მოხდა ასევე ფიროსმანის ნახატების რესტავრაცია და მათი გამოფენა ციურიხში და სანტიაგო დე კომპოსტელაში, მსოფლიო ბანკის დახმარებით მოხერხდა ოქროს ფონდის რეაბილიტაცია, მეტროპოლიტენში ხელოვნების ნიმუშების გამოფენა (სადაც ხატები არ გაატანეს – ამერიკელები შეგვიცვლიან, ასლებს გამოგვიგზავნიან და მადლი გავა საქართველოდანო – ამ არგუმენტებით) და ბევრი სხვა, მათ შორის, ჩემი დღევანდელი გადმოსახედიდან – არასწორიც – მაგალითად, მუზეუმის შესასვლელში სამლოცველოს მოწყობა…

ეს წლები დამამახსოვრდა როგორც მთავრობასთან და საპატრიარქოსთან მუდმივი მოლაპარაკებების, პრინციპული პოზიციების გატანის და დათმობების რეჟიმში მყოფი მამა. იმ დროიდან მახსოვს შენობის, განსაკუთრებით – აღმოსავლური დარბაზების სავალალო მდგომარეობაზე წუხილი. ნაცების მოსვლიდან ძალიან მალე, მამა გაათავისუფლეს იმ არგუმენტით, რომ რაღაც ახალს და დიადს აკეთებენ და ის ამ თანამედროვე ამბავს ფეხს ვერ აუწყობდა.

დღეს ფაქტი სახეზეა – არც ერთ მთავრობას ამ შენობის გასამაგრებლად პოლიტიკური ნება არ გამოუხატავს და როცა უკვე არსებობდა სახსრები, თითქოს მიზამიმართულად, არაფერი გაუკეთებია მის გადასარჩენად!

დიდი ისტორიული და არქიტექტურული ღირებულების მქონე შენობა და მის კედლებში არსებული მუზეუმი, რასაკვირველია, უნდა გადარჩეს, რაც არ უნდა ძვირი დაჯდეს მისი შენარჩუნება.

პ.ს. 1870-იან წლებში თბილისის სასულიერო აკადემიაში, რომელიც ამ შენობაში იყო განთავსებული, ჩემი დიდი ბაბუა – ნიკო ლომოური სწავლობდა, სადაც მისი მასწავლებლები იყვნენ ნიკო ცხვედაძე და იაკობ გოგებაშვილი.”