31 ივლისი, 2021

რობერტ სტურუას საოცარი ამბავი

რეჟისორი რობერტ სტურუა სასიამოვნო და საოცარი ამბებით ნამდვილად განებივრებულია, თუმცა, ამბავი, რომელიც მას ამბროლაურში შეემთხვა, განსაკუთრებული აღმოჩნდა:

“მ ა მ ი ს    მ ო ლ ო ც ვ ა?
საოცარი ამბავი შემემთხვა:
ამბროლაურიდან მივდიოდით მესტიაში.
სანდომიანმა, ლამაზმა ქართველმა ქალმა სასტუმროში მკითხა:
– ბატონო რობერტ, იცით რომ ამბროლაურის სახვითი ხელოვნების მუზეუმის მუდმივ ექსპოზიციას მამათქვენის ოთხი ნამუშევარი ამშვენებს?
– სამწუხაროდ, არა, – ვუპასუხე და შემრცხვა, რომ არ ვიცოდი, – არც გამიგია!
– ოთხი შესანიშნავი პორტრეტი უნდა ყველამ ნახოს!
ღამის ათი საათი იყო!
რა ვქნა, შევწუხდი, მუზეუმში დღეს ვეღარ მოვხვდები, უკვე დაკეტეს, ხვალ კი დილით ადრე მივემგზავრებით – გზა გრძელი გველის:
ამბროლაური-ზუგდიდი-მესტია!
ქალი მიხვდა რამაც ამაღელვა და დამამშვიდა:
– ხვალ დილის ცხრა საათზე მუზეუმს გააღებენ! შეგიძლიათ მიხვიდეთ!

დილის ცხრა საათზე იქ ვიყავი!
ქართველი მხატვრების შესანიშნავი კოლექცია დამათვალიერებინა მუზეუმის არაჩვეულებრივმა, თუ არ ვცდები, დირექტორმა, მხატვარმა ბატონმა ბესომ.

მამაჩემის ნახატებიც მომეწონა: სამი ჩემი ბიძაშვილის, ლილიკო ბოლქვაძის პორტრეტი და ერთი კი – ჩემი დის!
და როცა დღეს ფოტოებს ვასწორებდი, უეცრად იდუმალმა, თითქმის მისტიკურმა ფიქრმა გამინათა გონება:
ჩემი დაბადების დღეა და მამაჩემმა, მხატვარმა რობერტ სტურუამ, ხ მ ა    მ ო მ ა წ ვ დ ი ნ ა!

მადლობა, რობერტ! (ასე ვეძახდი და ვეძახი მშობელს!) მადლობა!”