14 ივლისი, 2021

მარტივი და ჭეშმარიტი ნოდარ დუმბაძე

ნოდარ დუმბაძე ათასობით მკითხველს მისი სიმარტივისთვის, გულწრფელობისთვის და ჭეშმარიტი შემოქმედებისთვის უყვარს.

“არტ ინფო” ნოდარ დუმბაძის შემოქმედებიდან საინტერესო ამონარიდებს გიზიარებთ:

“სიყვარული თავად არს ღმერთი და თუ სიყვარული შენთან არს, შენთან არს ღმერთი.

ღმერთი ისე ნათელია, ისე ახლობელი, ისე ცხადი და ისე უბრალო, რომ როდესაც ხედავ, არ იცი, რომ ღმერთია, ამიტომ არ წამთ ღმერთი. ღმერთი რომ სხვაგან იყოს, შორს ჩვენგან, ცალკე და მაღლა, ღმერთი რომ ჩვენში არ იყოს, მაშინ ყველა იწამებდა.

ღმერთმა მოქანდაკეს ტალახიდან ადამიანის კეთება კი ასწავლა, მაგრამ სულის შთაბერვა არ ასწავლა. ეგეც რომ ესწავლებინა, ადამიანი ღმერთს აღარ იწამებდა.

კაცი რომ სხვის სალოცავს დაანგრევს, თავისი სალოცავი იმაზე მაღალი, იმაზე მედგარი და იმაზე ლამაზი უნდა ააგოს.

ყველაზე მეტი ენა მსოფლიოში ღმერთმა იცის. ყველას თავის ენაზე ელაპარაკება.

რა კარგი იქნებოდა, ცა რომ სარკე იყოს. ვნახავდი ქვეყნებს, ამოვირჩევდი ყველაზე კარგ ქვეყანას, ყველაზე კარგ ხალხს და წავიდოდი ვიმოგზაურებდი, ვნახავდი სად არის ომი, სად სიმშვიდეა; სადაც სიმშვიდეა, ალბათ, ყველას იქ მოუნდებოდა წასვლა, ცა რომ სარკე იყოს… თუმცა, ცა რომ სარკე იყოს ჩვენ ყველანი დავინახავდით ერთმანეთს, ვნახავდით, რომ არა ვართ ისე ცუდები, ჩვენ რომ გგვგონია, არაფერი არ გვაქვს საჩხუბარი და ომები აღარ იქნებოდა… ცა რომ სარკე იყოს, დავინახავდით ვის უჭირს ამ ქვეყანაზე, ვის ულხინს, მერე დალხინებულები წავიდოდნენ გაჭირვებულებთან და მიეხმარებოდნენ. რა კარგი იქნებოდა ცა რომ სარკე იყოს.”