18 ივლისი, 2021

ინოლა გურგულიას “უცნობი” შვილი

მომღერალ ინოლა გურგულიას შვილებს ია და დავით შუღლიაშვილებს საზოგადოება კარგად იცნობს, მაგრამ უნიჭიერეს ხელოვანს ჰყავდა “უცნობი” შვილი – პოეტი, მთარგმნელი, ჟურნალისტი მამუკა სალუქვაძე.

პოეტ ანზორ სალუქვაძისა და კომპოზიტორ ინოლა გურგულიას შვილმა თავისი ხანმოკლე ცხოვრების განმავლობაში უამრავ განსაცდელს გაუძლო. თავად 41 წლის ასაკში გარდაიცვალა, მანამდე კი უკანასკნელ გზაზე საყვარელი მეუღლე და დედა გააცილა.

მამუკა საოცრად ტრაგიკული ბედის მქონე შემოქმედი აღმოჩნდა. მისი მეუღლე, ნინო ოქრომჭედლიშვილი სრულიად ახალგაზრდა მშობიარობას გადაყვა. ქალიშვილი დარჩა, რომელსაც დედის სახელი დაარქვეს. ამ დროს ინოლა გურგულიაც სიკვდილს ებრძოდა. მამუკა საყვარელი მეუღლის პანაშვიდებზე სამძიმარს იღებდა და თან საყვარელი დედის სიკვდილსაც ყოველ წუთს ელოდა.

უნიჭიერესი მამუკა სალუქვაძე ზურაბ შარეიძემ გაიხსენა:

“როცა დედა ინოლა გურგულია გყავს, მამა ანზორ სალუქვაძე, ესე იგი უფალმა ვერ გაგიმეტა მშვიდი ცხოვრებისთვის… უზომოდ ნიჭიერმა, მრავალმხრივი ინტერესის მქონე ახალგაზრდა კაცმა, ხელოვნების მრავალ მიმართულებაში თქვა თავისი სიტყვა, თუმცა გამორჩეული, ჩემი აზრით, მისი პოეზიაა. ქალბატონ ლალი გოგუაძესთან ვნახე მისი სტრიქონები – მონუსხული დავრჩი…

ბატონი თამაზ ჩიქვანაიას სტატიაში: „…და როცა მივხვდი, თუ რა ტვირთი უნდა მეთრია, მაშინ დავრწმუნდი, რომ მწერლობა მძიმე ხვედრია…“ რომელიც მამუკას შემოქმედებას ეძღვნება, მოყვანილი აქვს: “ბრევორდის კოლეჯის პრეზიდენტის, მწერალ ტომ ბერთრანს წერილი, რომლის ადრესატი ცნობილი ამერიკელი ექიმია და მივხვდი, ამ წერილების წაკითხვით უკეთ გაიგებთ, ვინ იყო და რისთვის იცოცხლა მამუკა სალუქვაძემ:

„ძვირფასო კენ! შენ იცი, რომ უკანასკნელი ცხრა წლის განმავლობაში თანამედროვე ქართველ პოეტებთან ვმუშაობდი. მე ვთვლი, რომ მამუკა სალუქვაძე თავისი დროის ყველაზე მნიშვნელოვანი პოეტია – ყველაზე ნიჭიერი, ყველაზე მოაზროვნე, ყველაზე ნათელი, ყველაზე თავისუფალი პირფერული გადმონაშთებისაგან და მუზა ყველაზე მეტად მასშია შეყვარებული. თუ ავადმყოფობამ არ შეცვალა, ნახავ, როგორი დიდებული კაცია, რომელიც სავსეა არაჩვეულებრივი მომხიბვლელობით, მახვილგონიერებით და ინტერესით სხვათა მიმართ. ის, რომ მნიშვნელოვანია, როგორც პოეტი, საზოგადოებას არა აქვს გაცნობიერებული… მისთვის არაფერს ნიშნავს!

მას დაწერილი აქვს მშვენიერი ლექსები დასავლური ტრადიციის მქონე უდიდესი მხატვრების ტილოების საპასუხოდ, ისეთივე მშვენიერი, როგორც ოდენის პოემაა ბრეგელის „იკარუსის გაფრენაზე”. მას დაწერილი აქვს ქართველი მითოლოგიური პიროვნების შესახებ – როგორიცაა მედეა; ბავშვებისათვის შექმნა არაჩვეულებრივი სერიალი უცნაური თუთიყუშის ჟაკოს შესახებ, რომელიც ფერნანდო პოს კუნძულიდან მოფრინავს და მთელ მსოფლიოს შემოუფრენს თავისი თავგადასავლებით. მან შექმნა ეპიკური წიგნი წმინდა ნინოს მიერ საქართველოში ქრისტიანობის შემოტანის შესახებ, სადაც ძალიან ძნელი, მაღალი შაირი და დაბალი შაირი გამოიყენა, რომლითაც დაწერილია „ვეფხისტყაოსანი”. ამ პოემით მამუკამ, როგორც კაცმა, რუსთაველსა და ქრისტიანულ რწმენას აღტაცების ხარკი გადაუხადა.

ბოლო წლებში მამუკა თავგამოდებით მუშაობს სასულიერო თემატიკაზე „ათი მცნება”, წმინდა მარკოზის სახარებაზე და მშვენიერ ლექსებს ქმნის თავისი ტალანტითა თუ დიდი შრომით. მისი ავადმყოფობის დამძიმების პერიოდში, იგი ახლახან გარდაცვლილ დიდ მხატვარ ირაკლი ფარჯიანს მაგონებს – მისი თავდადებით. მას სურს, გამოიკვლიოს ქართული კულტურის უმშვენიერესი, უზადო წყაროები და შექმნას ახალი პოემები, რომლებიც თანამედროვე აზროვნების გამოხმაურებაა. იგი ქართველი იეიტსი, ტომას ელიოტი, რობერტ ფროსტი და რობერტ პენ უორენია ერთად აღებული. ის ჯერ კიდევ შედარებით ახალგაზრდა კაცია, რომელიც ქრონიკულად სიგარეტის წევამ და ალბათ, სხვა სამედიცინო პრობლემებმა ასე ადრე დააავადეს.

ეჭვი არ არის, რომ ყოველთვის, როცა თბილისში ხარ, მოგმართავენ სამედიცინო პრობლემებით გავლენიანი და მდიდარი ადამიანები დახმარებისათვის. არც ერთი არ აქვს პოეტებს და ჩვეულებრივ უკაპიკონი არიან. მე ვიცი, შენ გესმის ჩემი განსაკუთრებული თხოვნის მნიშვნელობა. ეს კაცი იმსახურებს როგორც შენს, ისე ემორის უნივერსიტეტის ყურადღებას.

ძვირფასო კენ! იცი, რომ ახლა უმთავრესია სიცოცხლის დარჩენილი დროის მუშაობისათვის სრული გამოყენება.
გმადლობთ, კენ, ბედნიერ შობას გისურვებ.
შენი ტომი,
24 დეკემბერი, 1996 წელი.”

მამუკას უარი, შეთავაზებაზე – ინგლისში სამკურნალოდ გამგზავრებასთან დაკავშირებით, მწერლობისთვის ზვარაკად შეწირული კაცის პასუხია: “უკვე გვიანააო, დრო ცოტა დამრჩა, უნდა მოვასწრო”ო…

რაც შეეხება მის პოეზიას, როგორც თვითონვე ამბობს: “საოცარი ყვავილია პოეზია”. მოსახიბლად ეს რამოდენიმე მინიატურაც საკმარისია:
*******
ეგება სიზმრად, ან იქნებ ზღაპრად.
ზღვა იქცა ცისფრად, ცა რაღაც სხვა ფრად.
გამოჩნდა აბრა, სამკუთხა აფრა
რაღაცის აფრა, აბრაკადაბრა.
*******
ჰორიზონტზე დგას სასახლე
ღრუბლის
სამყოფელი უფლის.
თვალს არ ძალუძს გადალახვა
ზღურბლის.
*******
ზღვამ პატარა ნაფოტი.
დარდით გამონაფიტი.
მოაცურა ნაპირთან.
…..
ალბათ მიწას განახებო დაპირდა.
*******
რადგან ყვავილებს სიჩუმე
შვენით,
იყავი ჩუმად მაგნოლიავ,
მე მესმის შენი.
*******
მზემ დაითბო თათები.
ღრუბლის ხელთათმანებში
გაუყარა თითები
გაჩნდნენ ათინათები.
*******
საავადმყოფოს აივანზე როგორც მტრედები
სხედან მედდები:
ავადმყოფების ოცნებები და იმედები.
*******
ოაზისის მაძებარმა მირაჟებმა
უდაბნოში ჰპოვეს ია:
დალიეს და დაილია.
…….
საოცარი ყვავილია პოეზია.
*******
მოედანზე, თოვლში იდგა პალმა
უხაროდა, უხდებოდა ჩალმა.
ჩაუარა მუსულმანმა ქალმა,
ჩაეცინა და არ მიესალმა.
*******
უცებ გაჩერდა წისქვილის ქვა.
დავიღალეო … – თქვა.”