გეიდარ ფალავანდიშვილი – ვაჟკაცობის ეტალონი

გეიდარ ფალავანდიშვილი - ვაჟკაცობის ეტალონიმიუხედავად იმისა, რომ გეიდარ ფალავანდიშვილი პროფესიით მსახიობი არ იყო, მისი მიერ შესრულებულმა როლებმა ათასობით მაყურებელი აღაფრთოვანა და ვაჟკაცობის ეტალონად აღიარა.

„ალავერდობა“ – გურამი, „ვედრება“ – მუცალი, „ფერისცვალება“ – გივი, „მთვარის მოტაცება“ – თარაშ ემხვარი – ეს მის მიერ ნათამაშევი როლებია, სავიზიტო ბარათად კი გიორგი შენგელაიას “ალავერდობაში” გურამის როლია მიჩნეული – ცხენზე ამხედრებული ალავერდისკენ გაფრენილი გურამ რჩეულიშვილი.

ალბათ ბევრმა არ იცის, რომ გეიდარ ფალავანდიშვილი გურამ რჩეულიშვილის სიძე – მისი დის მარინე რჩეულიშვილის ქმარი იყო. მარინემ და გეიდარმა ერთმანეთი ბაკურიანში გაიცნეს, სადაც გურამ რჩეულიშვილი მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. სამწუხაროდ, გურამმა მათი შეუღლების ბედნიერება ვერ გაიზიარა – წყვილი მწერლის ტრაგიკული დაღუპვიდან რამდენიმე თვეში დაქორწინდა.

გეიდარ ფალავანდიშვილი ულამაზესი ლიკა ქავჟარაძის დედის – დალი ფალავანდიშვილის ძმა იყო.

სამწუხაროდ, მას ცხოვრებაში ბევრი გულისტკენა შეხვდა და, როგორც მეგობრები ამბობენ, სიცოცხლეც ამან მოუსწრაფა. ბოლო წლებში ავად იყო, მაგრამ სასოწარკვეთილებაში არ ჩავარდნილა, არ გაბოროტებულა – პირიქით, ბოლო ამოსუნთქვამდე სიყვარულს გასცემდა და ამით პატარა ბავშვივით გულწრფელად ხარობდა.