დიმიტრი ყიფიანი – მუხანათურად მოკლული თბილისის მერი

დიმიტრი ყიფიანი - მუხანათურად მოკლული თბილისის მერიპუბლიცისტი და მთარგმნელი დიმიტრი ყიფიანი 1875- 1879 წლებში ტფილისის ქალაქის თავი – თბილისის მერი იყო და ის მაშინდელ თბილისელებს გამორჩეულად უყვარდათ.

დიმიტრი ყიფიანის კანდიდატურა ქალაქის თავის თანამდებობაზე ექიმმა ამიროვმა წარადგინა. ტფილისის ქალაქის თავის თანამდებობის 9 მსურველიდან 7-მა კანდიდატურა მოხსნა. საბოლოოდ კენჭისყრა დიმიტრი ყიფიანსა და ერემია არწრუნს შორის გაიმართა. დიმიტრი ყიფიანმა 36 ხმა მიიღო, 28 ხმა – მისმა მოწინააღმდეგემ. არჩევნებს 72 დეპუტატიდან 64 დაესწრო, ესწრებოდნენ გარეშე პირებიც:

„არასოდეს არ ღირსებია ქალაქის გამგეობის ზალას იმდენი ხალხის ერთად ხილვა, რამდენსაც წასულს კვირას ეღირსა, როცა ქალაქის თავის არჩევანი იყო დანიშნული.

სხდომაზე დამსწრე საზოგადოებამ დიდის თანაგრძნობით, აღტაცებითა და ტაშის კვრით მიიღო ეს ამორჩევა. ამ აღტაცებაში გამოიხატა მთელი ქალაქის სიამოვნება და იმედი, რომ ახლად ამორჩეული თავი, თავის ენერგიით, ჭკუით, კანონიერს და მტკიცე გზაზე დადგომით დაამტკიცებს, რომ იმის ამორჩევაში ჩვენი ქალაქის გამგეობა არ შემცდარა, რომ ის ღირსეულად, პატიოსნად შეასრულებს თავის მძიმე მოვალეობას.

მართალია, დიმიტრი ყიფიანი მდიდარი კაცი არ არის; და არ არის მდიდარი იმიტომ, რომ ის სხვებსავით თავის სინდისსა და პატიოსნებას არ ჰყიდდა. იმან არ მოინდომა უკანონოთ, სხვების დაჩაგვრითა და ცარცვით გამდიდრებულიყო. ამ ნივთიერ სიმდიდრის ნაცვლად, იმან დაიმსახურა სახელი პატიოსანი და უანგარო კაცისა. და ეს ხშირად მილიონებს სჯობია,” – წერდა გაზეთი “დროება”.

ტფილისის სასულიერო სემინარიის რექტორის ჩუდეცკის მკვლელობასთან დაკავშირებით საქართველოს ეგზარქოსმა პავლე ლებედევმა ქართველი ერი დაწყევლა. დიმიტრი ყიფიანმა მას საქართველოს დატოვება მოსთხოვა. ამის გამო ყიფიანი თანამდებობიდან გადააყენეს, სტავროპოლში გადაასახლეს და იმპერატორის აგენტებმა მუხანათურად მოკლეს.