აკა მორჩილაძე ვაჟა ფშაველაზე

აკა მორჩილაძე ვაჟა ფშაველაზემწერალი აკა მორჩილაძე გენიოს ვაჟა ფშაველაზე თავის „ქართულის რვეულებში“ საოცრად დიდი სიყვარულით გვიამბობს:

“მგონი სიმბოლურია, რომ ვაჟა თბილისში გარდაიცვალა, იმიტომ რომ ახლოს იყო ამ ქალაქთან და შეეძლო, მისი ნამდვილი მოქალქე ყოფილიყო.

ასეთი კაცი იყო, რომ იოლად ერწყმოდა ამ ქალაქს. ბოლოს გაზაფხულზე ჩამოვიდა. სანდროს შეხვდა ქუჩაში, მისი სახლისკენ მიმავალი, ნაბადში გამოხვეული და მთელი ზამთარი ავადა ვარო, უთხრა, მამცივნებს და ახლაც ავად ვარო, მაგრამ უნდა ჩამოვსულიყავიო. სანდროსთანვე ჩავარდა ლოგინად, ძმის სახლში. ექიმი არ დაჰკლებია. ივანე გომართელი სულ თავზე ადგა.

ომის დრო იყო. სახლშივე, სანდროსთან გაუკეთეს პატარა ოპერაცია, გამოუღეს სითხე გომართელმა და მუხაძემ. თანდათან, თითქოს, მომჯობინდა, მაგრამ სუსტად იყო ძალიან და ფშავისკენ იწევდა, მაგრამ მარტო არ შეეძლო, ჯანი არ ჰქონდა.

მერე ერთხელ უთხრა სანდროს, უკვე საავადმყოფოში ყოფნისას, რა იქნებ, ერთი ავტომობილი ვიქირაოთ და წამიყვანო სადმე მთაშიო. ექიმებიც ამბობდნენ, კურორტი უნდაო, მაგრამ, როგორც ჩანს, გადაადგილება უკვე ძალიან სახიფათო იყო. სახლში რომ ვერ მოიკეთა, გადაიყვანეს მერე წმინდა ნინოს ლაზარეთში, დღევანდელი თბილისის უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, მესამე სართულზე, მარცხენა მხარეს და იქ ჰყავდათ უკვე უშუალო საექიმო მეთვალყურეობის ქვეშ.

დრო იყო მძიმე, ბევრი დაჭრილი ჰყავდათ ფრონტიდან მოყვანილი.

მაგრამ ეს არ იყო მთავარი. იყო აუტანელი სიცხეები თბილისში, განსაკუთრებით ივნის-ივლისში და ვერაფრით ეგუებოდა ამ სიცხეს, წყალსაც რომ სვამდა, ამბობდა, რა წყალია ესაო, არ იყო მიჩვეული ასეთი წყლის სმას და ერთხელ ვერაზე მოსკოვის ქუჩიდან ავიდნენ მაღლა, იქ მაშინ რაღაც წყარო ყოფილიყო და მოუტანეს ბიდონებით წყალი სანდრომ და შიო მღვიმელმა და გახარებული იყო, ძლივს წყალი დავლიეო!

არაფერი არ აკლდა და საზამთროს ჭამდა ერთადერთი, ყოველდღე მოჰქონდათ საზამთრო და ერთი სოლოლაკელი მოვაჭრე, სესიაშვილი, ყოველდღე უგზავნიდა წითელ ღვინოს და ამ წითელ ღვინოზე როცა ხასიათი მოსდევდა, ხუმრობებს ააწყობდა, როგორც იცოდა ხოლმე. ყველა მომსვლელი სვამდა ხოლმე ამ ღვინოს. ასეთი ლაღი ქართველური ვითარება იყო: კაცი აქეთ გადადებული იყო და მაინც რაღაც მხიარულება სუფევდა გარშემო, უამრავი მნახველი ჰყავდა. მოწყალების და, ანიკო კობიაშვილი უვლიდა და იტყოდა ხოლმე ხითხითით, ანიკო კი წეეპარება საღამოობით ამ წითელას ნელ-ნელაო.

უნდოდა გასვლა, სიცხე აგიჟებდა. მეორე კონსილიუმმა აჩვენა, რომ ძალიან მძიმედ იყო და დაადგინეს, წაიყვანონ აგარაკზე. აი, ეს რომ დაადგინეს და ორი დღის თავზე გარდაიცვალა. დილით უთხრა ანიკოს: მიკვირსო, რომ დღესაც ცოცხალი ვარო, საღამომდე ვერ გავატანო და ასეც მოხდა.

სანდრო შანშიაშვილი რომ მივიდა მანამდე, მიხვდა, აქეთ ვეღარ მობრუნდებაო. ძალიან გამხდარი იყო და იკლებდა წონაში. ფოტოებს უღებდნენ და სანდრომ უთხრა, მხატვარს მოგიყვან და დაგხატავს და, აი, მერე ნახავო, კარგად რომ გახდები, როგორი გამხდარი ყოფილხარო, მოტყუება უნდოდა. სინამდვილეში კიდევ, მინდოდა, რომ სიკვდილის წინა სურათი მქონოდაო.

ვაჟა ფშაველა მოსე თოიძეს ჰყავდა დახატული ერთი და მორჩა. ჰოდა, მოვიდა სიდამონ-ერისთავი და ხატავდა მთელი დღე მომაკვდავს, შანშიაშვილს უთხრა კარგი ფრაზა: მიხარია, ვეფხო, რო არ დაგავიწყდიო…
გარდაიცვალა საღამოს პირზე, ქაშუეთიდან გამოასვენეს და ივანე გომართელმა თქვა პირველი გამოსათხოვარი სიტყვაც, დაასვენეს მერე დიდუბეში, ოჯახი ჩამოიყვანეს. აი, მაინც უცნაური კაცი იყო, მარტო გარდაიცვალა. სანდრო რომ მივიდა იმ დღეს, უკვე გარდაცვლილი დაუხვდა. ქვემოთ შიო მღვიმელი ელოდებოდა და მერეღა დაუძახა ამას, ლუკა აღარ არიო.

სიცხეში, უაზრობაში გარდაიცვალა და არ იყო არც მოხუცი. ჭარმაგი კაცი იყო, მაგრამ მოუვლელობის, გლეხური უბედურების გამო…

გვირგვინი ერთი იყო მის დაკრძალვაზე, ეს მართლა კარგად და ქართულად მოიფიქრეს და ზედ ეწერა: „ვაჟა-ფშაველას საქართველოსგან“, პრინციპში მეტი არაფერი უნდოდა.

და მოხდა ესა!“