მხატვარი ზურაბ ნიჟარაძე თავის საქმიანობას სულიერი სამყაროს საზრდოს ეძახდა და რთულია ამაში არ დაეთანხმო. მისი ნამუშევრების დათვალიერებისას ნამდვილად მიიღებთ ისეთ სულიერ საზრდოს, რომელიც დიდხანს, ძალიან დიდხანს დაგაპურებთ.
ხელოვანმა მთელი თავისი ცხოვრება სახვით ხელოვნებას მიუძღვნა. დილის 6 საათზე უკვე ფეხზე იყო და სახელოსნოში მიდიოდა, სადაც 8-9 საათი მუშაობდა. მისთვის არ არსებობდა დასვენების დღეები, არც შაბათ-კვირის უქმეებს აღიარებდა, არც დღესასწაულებს, მხატვრისთვის ყოველი დღე მუშაობისთვის იყო გათენებული.
მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ნამუშევარი ჰქონდა, არ უყვარდა გამოფენების მოწყობა. ხშირად იხსენებდა, რომ ერთადერთი პერსონალური გამოფენა ჰქონდა, რომელიც პირველიც აღმოჩნდა და უკანასკნელიც, რადგან ძირითადად ჯგუფურ გამოფენებში იღებდა მონაწილეობას. თუმცა პრინციპულად არ იყო მომხრე ემუშავა იმისთვის, რომ შემდეგ გამოფენა მოეწყო.
ზურაბ ნიჟარაძისთვის ისეთი საქმე იყო ღირებული, რომელიც ადამიანის გარდაცვალების შემდეგ კვალს ტოვებს. მხატვრისთვის მისი პროფესია ამის დასტური იყო – რაღაც რჩება მერე, მომავალისთვის, რაღაც კვალი, გაგრძელება სულიერ სამყაროში.
სახვითი ხელოვნების მთავარ ამოცანად კი მიაჩნდა ადამიანი – ადამიანი თავისი პრობლემებით, სულიერი თუ ფიზიკური საინტერესო დეტალებით, უმცირესი ნიუანსებით. თუმცა აღიარებდა, რომ ბოლო პერიოდში სახვით ხელოვნებაში მთავარი შინაარსი შეიცვალა და ახლა ეს უფრო გართობას დაემსგავსა, ამიტომაც ვერ ხედავდა მიზანს, რისთვის კეთდებოდა ეს ყველაფერი.
“რაღაც ისეთი უნდა შეიქმნა, რაც უფრო დიდხანს დარჩება!” – ამბობდა მხატვარი.
ზურაბ ნიჟარაძეს ბევრი დაუმთავრებელი ნამუშევარი ჰქონდა და ეს ძალიან აწუხებდა. მიაჩნდა, რომ ვალში იყო როგორც საკუთარ თავთან, ასევე დამკვეთებთან.