19 ივნისი, 2021

ვანდალიზმი თბილისის ისტორიული გალავნის კედელზე

თბილისის შუაგულში, ისტორიული გალავნის კედელზე ვანდალიზმის ფაქტი დაფიქსირდა.

ლანა ჩოლოგაური:

“ეს არის უნიკალური არაბული წარწერა, რომელიც გვიყვება თბილისის გალავნის ისტორიას VIII საუკუნეში! უმნიშვნელოვანესი ფრაგმენტი, რომელიც შეიცავს ზუსტ თარიღს (793 წელი). დატანილია პუშკინის ქუჩაზე მდებარე გალავნის ერთ-ერთი გოდოლის კედელში!

ამის ჩამდენი არის გაუნათლებლობისა და სიბეცის ეტალონი, ვანდალი! წარწერა სასწრაფოდ საჭიროებს რესტავრაცია-კონსერვაციას და დაცვას შემდგომი დაზიანებისაგან!

ბოლო პერიოდში მას აღარ გააჩნდა დამცავი მინა. გთხოვთ, დაუყოვნებლივ რეაგირებას და დახმარებას!

პ.ს უფრო ვრცლად წარწერაზე: თავდაპირველად დატანილი უნდა ყოფილიყო არაბობის დროინდელი თბილისის გალავანში. ქართველი და არაბი მკვლევარების მიერ განხილულია, როგორც ყველაზე ადრეული მონუმენტალური არაბული წარწერა აღმოსავლეთ სამყაროში. უფრო დეტალური ინფორმაციისთვის შემიძლია ამ წარწერის ქართული და ინგლისურენოვანი სტატიების გაზიარება.”