27 ივნისი, 2021

საშა გველესიანის ძალიან კარგი ჩანაწერი

მსახიობი და პოეტი საშა გველესიანი ათასობით გულშემატკივარს სისტემატურად უზიარებს თავის ლექსებს.

“მოგიყვებოდი” – ასეთია ლექსის სახელწოდება, რომელსაც პოეზიის მოყვარულებს “არტ ინფო” გთავაზობთ:

მოგიყვებოდი, შეგაჩვევდი
აპრილის ბგერებს
და შენს თვალებში ჩემი თავი
მინდა შევიტყო,
მოგიყვებოდი რამდენ რამეს,
ოღონდაც მერე
დედას გაფიცებ, არაფერი
არ შემეკითხო.
მარტი მიზოგავს აბდა-უბდა
ამინდს შერჩევით,
როგორ მომწყინდა დღის და ღამის
ნოტიო ფლირტი,
მივდივარ, ჰოდა ამ ქალაქში
მხოლოდ შენ მრჩები
და კიდევ – მარტის ორიოდე
ნაცნობი კვირტი.
ჩაივლის გიჟი, ტყუპისცალი
ჩემი ქალაქის,
თვალით მიარღვევს შეჩვეული
წვიმის საფარდეს,
შემამჩნევს, მოვა ცუხცუხით
და ჩუმი ლაქლაქით
ხურდას მთხოვს, რაც მაქვს სულ
ჩავუყრი, ჯანი გავარდეს.
ბრუნდები სახლში, სადაც მაინც
არა გაქვს სახლი,
აწყდები კედლებს, დაეძებ და რას
არც კი იცი,
იპოვი სურათს დამტვერილს
და დროისგან დაღლილს,
მერე სიჩუმის მოსასმენად ჯდები
და იცლი.
ქუჩის კუთხიდან ვეღარ მიცნეს აბეჩხარებმა,
გავიღიმო თუ სევდას კოჭი
უნდა ვუგორო,
არ ვიცი რა ვქნა, მგონი არსად
არ მეჩქარება,
რა ვიცი, ახლა დათვრებოდა
კაცი უგონოდ.
მახსოვს ბზარებში რამდენ რამეს
ქარი ატევდა
და აპრილამდე მარტის წვიმით
სავსე ახო ვარ,
დღეს ისევ დამრჩა გულსაკიდი
ჯვარი ხატებთან,
თავისი ცრემლი არ ჰყოფნიდა თითქოს მაცხოვარს.
მათხოვრის სახე წამიერად
ჰგავდა ჯოკონდას,
ცას შეჩვეული ოცნებებიც ხდება
სამიწე,
მოგიყვებოდი, იცი რამდენ რამეს,
ოღონდაც
არ შემეკითხო არაფერი, დედას
გაფიცებ!”