13 ივნისი, 2021

რევაზ ინანიშვილი გურამ რჩეულიშვილზე

მწერალი რევაზ ინანიშვილი თავის კოლეგაზე უდროოდ დაღუპულ გურამ რჩეულიშვილზე და მის სიკეთესა და სათნოებაზე იგონებდა:

“ერთხელ გურამს ახალი შარვალი უყიდეს. ძალიან კარგი შარვალი იყო მაუდისა, მაგრამ გურამმა არ ჩაიცვა. – არაო, არ ჩავიცმევო. არც ამბობდა რატომ. იკოხებოდა და შარვლის დანახვაც არ უნდოდა, არადა ძველი ძალიან შელახული იყო.

ბოლოს როგორც იქნა დედას გაუტყდა: – ჩემს ამხანაგებს ყველას საკერებელდადებული შარვლები აცვიათ, მეც საკერებელი დამიდეთ და მაშინ ჩავიცმევო. დედა მიუხვდა გურამს, ადგა, ხელუხლებელ უკანებზე საკერებლები დაუდო. მაინც დაენანა ახალი შარვლის ამოჭრა. გურამმა რომ ნახა, ისევ იუარა: – მაინც არ ჩავიცმევო. ამოჭერი და ისე დაადე საკერებლებიო.

დედა იძულებული გახდა ამოეჭრა და ისე დაედო საკერებლები, თანაც ოდნავ სხვა ფერის, მაშინ კი ჩაიცვა გურამმა. გამოვიდა გარეთ, მოფარებულში მიდგა, მიჭმუჭ-მოჭმუჭნა, მიწიანი ხელიც გაუსვა და ისე გაიქცა ამხანაგებთან.”