25 ივნისი, 2021

ნიკო ლორთქიფანიძის დაუჯერებელი გაბედულება

მწერალ ნიკო ლორთქიფანიძის ბიოგრაფიაში არის ისტორია, რომელიც მის უდიდეს გაბედულებაზე მოგვითხრობს, რაც იმ დროისთვის ნამდვილად დაუჯერებელი იყო.

რუსეთის არმიის ოფიცერმა ვინმე აკიმოვმა, ქართველები აუგად მოიხსენია და ნიკო ლორთქიფანიძისგან სილის გაწნაც დაიმსახურა.

დუელი გარდაუვალი იყო და დაინიშნა კიდეც.

აკიმოვს პირველი სროლის უფლება ჰქონდა, მან ქართველ მწერალს იარაღი საგულდაგულოდ დაუმიზნა, მაგრამ ააცდინა.

ნიკო ლორთქიფანიძემ საპასუხოდ ჰაერში გაისროლა. აკიმოვმა ქართველს მეორედაც ააცდინა.

ნიკო ლორთქიფანიძემ ისევ ჰაერში ისროლა. ოფიცრის სეკუნდანტებმა დუელი შეაჩერეს.

საღამოს ქართველი მწერლის სეკუნდანტმა წერილი მიიღო:

“მოწყალენო ხელმწიფენო, ნება გვიბოძეთ, გამოვთქვათ ჩვენი აღტაცება თქვენი მრწმუნებლის განსაცვიფრებელი მოქმედების გამო. ჩვენ, სამხედროები, საფრთხის დროს სიკვდილს ისე ვუყურებთ, როგორც ჩვეულებრივ მოვლენას, რომლისთვისაც ყოველ წამს მზად უნდა ვიყოთ, მაგრამ როცა ვხედავთ სამოქალაქო ტანისამოსიან ადამიანს, რომელსაც საბედისწერო წამს, თავისი ღირსების დაცვის დროს, თავი ისე უჭირავს, თითქოს სიკვდილს აბუჩად იგდებს, ეს აღტაცებას იწვევს. ჩვენ დიდი ყურადღებით ვადევნებდით თვალს თავად ლორთქიფანიძის ქცევას დუელის დროს… იგი ჭეშმარიტი რაინდია. სამწუხაროდ, ვერ განვუცხადეთ ეს ბრძოლის ველზე, რათა უფრო მეტად არ დაგვემცირებინა ჩვენი ისედაც დამცირებული ამხანაგი, ამიტომ გთხოვთ, ბატონებო, გადასცეთ მას ჩვენი უღრმესი პატივისცემა.”