ნანა ცინცაძე: “გთხოვ, მაპატიო”

ნანა ცინცაძე: "გთხოვ, მაპატიო"პოეტი ნანა ცინცაძე და მისი შემოქმედება პოეზიის მოყვარულებისთვის კარგად არის ცნობილი. მის ლექსებზე არაერთი სიმღერაა შექმნილი.

“დაგიბრუნდები” – ასე ჰქვია პოეტის ლექსს, რომელსაც “არტ ინფო” გთავაზობთ:

“გთხოვ, მაპატიო უცნაური ჩემი სიგიჟე,
ჰო, ამ წერილის ადრესატი არის ცოდვები.
დღეს ნაცრად ვაქცევ ნიღბებივით აკრულ იმიჯებს,
ფიქრებში მაინც შენს სუნთქვასთან გადმოვცოცდები.
მერე სიზმრებში ერთად ვნახავთ შავ-თეთრ სამყაროს
და დავიწყებით მეათასედ ისევ თავიდან.
ღამეს მოუნდა წლების მტვერი შემომაყაროს
და საჭორაოდ უკარება მზესთან წავიდა.
აქ დაჭმუჭნილი ნაწერების ქაოსი მეფობს,
ზოგი დავხიე, ზოგი ალბათ მაინც გადარჩა,
მეგონა ღამეს არავისთვის გავტეხდი ერთ დროს,
იმ ძველ ვენებში ერთი წვეთი სისხლიც არ დარჩა.
რა სიბნელეა… სანთელს ვანთებ… აუ, ვინა ხარ…
შენი პორტრეტი ავაკარი დაორთქლილ სარკეს,
უცებ მომინდა წავაწერო კედელს – მიყვარხარ…
შალმოხვეული უჯრა-უჯრა დავეძებ მარკერს.
იქნება გესმის მე რომ ვწერ და ვჩურჩულებ ჩემო…
რამ დაგაძინა თუ ეს ღამეც არის თვალღია.
კარზე კაკუნი… ფეხშიშველი გავრბივარ… შემო…
ჩვენი დამტევი გალაკტიკის მთელი თაღია.
შენ შემოდიხარ… არ გელოდი… ოდნავ ვბრუვდები…
ძირს მოფენილი ნაწერები ვეღარ დავხიე…
ბოლო სტრიქონსაც მივაწერ და დაგიბრუნდები…
მე ეს ბოდვები სუროსავით შემოგახვიე!”