6 ივნისი, 2021

მერაბ ნინიძის ძალიან კარგი წერილი მარინა ჯანაშიაზე

მსახიობი მერაბ ნინიძე უნიჭიერეს მარინა ჯანაშიას ძალიან კარგ წერილს უძღვნის:

“განსაკუთრებული, ყველასგან განსხვავებული, მშვენიერი, მომნუსხავი მარინა ჯანაშია…

ბედნიერი ვარ, რომ გიცნობდი და შენთან ერთად სცენაზე თუ კამერის წინ მუშაობის შანსი მომეცა. მადლობა ყველაფრისთვის და, პირველ რიგში, შენი წყალივით წმინდა და რეალური პერსონაჟებისთვის, შენი სილამაზისთვის.

მადლობა “პატარა უფლისწულისთვის” რადიოსპექტაკლისთვის, რომელშიც პრინცის როლს კითხულობდი…

შენი ხმა ჩემი მეგობარი იყო მთელი ჩემი ბავშვობა. არ დამავიწყდება ჩვენი პირველი შეხვედრა, მოჯადოებული ვბუტბუტებდი შენს სახელს და არ მჯეროდა, რომ ბედმა ასეთი საჩუქარი გამიკეთა. არ მჯეროდა, რომ ის ხმა საბოლოოდ გავიცანი.

“რომეო და ჯულიეტა” შენი ხათრით წავიკითხე, იმიტომ რომ ჯულიეტას როლში გნახე სცენაზე…

კახი კავსაძემ რომ დასვა შეკითხვა “ნეტა იმ ქვეყნად თუ არის თეატრიო” – ალბათ არის… ალბათ კახისაც იქ ნახავ და საბოლოოდ ერთმანეთს ყველა იქ ვნახავთ – იმ არსებულ თუ არარსებულ თეატრში.”