27 ივნისი, 2021

მერაბ ელიოზიშვილის ეკლესიისთვის მიძღვნილი ცხოვრება

საკმარისია გავიხსენოთ ფილმები “ბებერი მეზურნეები”, “დიდი მწვანე ველი”, “თეთრი ქარავანი”, რომ მაშინვე ყველას თვალწინ მსახიობი, მწერალი და სცენარისტი მერაბ ელიოზიშვილი წარმოგვიდგება.

მერაბ ელიზოშვილი ორი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის ,,თეთრი ქარავნისა” და ,,დიდი მწვანე ველის” სცენარის ავტორია. მისი ერთ-ერთი პირველი მოთხრობა ,,ბებერი მეზურნეები” პიესადაც გადაკეთდა და მწერალს დიდი აღიარებაც მოუტანა.

მერაბ ელიოზიშვილის ნაწარმოებები რეჟისორებმა ფილმებად აქციეს, მის მიერ დაწერილ პიესებზე დაუვიწყარი სურათები გადაიღეს, მოწოდებით ხელოვანმა კი სიცოცხლის ბოლო წლები სასულიერო მოღვაწეობას მიუძღვნა.
როგორც მსახიობი, მაყურებელმა ის სამუდამოდ შეიყვარა ტრიფონიას როლით ელდარ შენგელაიას ფილმიდან “შერეკილები”.

ხელოვანმა სიცოცხლის ბოლო წლებში უარი თქვა საერო ცხოვრებაზე და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა კურთხევით დიაკვნად ეკურთხა. იგი ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა დანიელმა აკურთხა და მას სახელად ელიოზი უწოდა. მამა ელიოზი საქართველოს ეკლესიას 15 წლის განმავლობაში ემსახურებოდა.

77 წლის ასაკში გარდაცვლილმა ხელოვანმა თან ქვეყნის გაერთიანების ოცნება წაიღო.