8 ივნისი, 2021

გურამ დოლენჯაშვილის გამოფენა ხელოვნების სასახლეში

უნიჭიერესი გრაფიკოსის, ფანქრის ჯადოქრად წოდებული გურამ დოლენჯაშვილის ნამუშევრები  საქართველოს ხელოვნების სასახლე – კულტურის ისტორიის მუზეუმში გამოიფინება.

11 ივნისს, 19 საათზე ხელოვანი დამთვალიერებელს პერსონალურ გამოფენაზე ეპატიჟება.

ქუთაისში დაბადებული შემოქმედის ნამუშევრები გამოფენილი გახლდათ აშშ-ში, ინგლისში, საფრანგეთში, შვედეთში, ავსტრიაში, გერმანიაში, იაპონიაში… მისი ნახატები ინახება სხვადასხვა ქვეყნების მუზეუმებსა თუ კერძო პირთა კოლექციებში.

გამოფენაზე მისული დამთვალიერებელი იხილავს ფანქრით შესრულებულ ნამუშევრებს, რომლებიც საკმაო რეალისტურობით გამოირჩევა და მნახველზე დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ახდენს.

გურამ დოლენჯაშვილის ნამუშევრების დათვალიერება მუზეუმის ვიზიტორებს 11 ივლისამდე შეეძლებათ.