ეთერ კაკულიას მხიარული ისტორია

ეთერ კაკულიას მხიარული ისტორიამომღერალი ეთერ კაკულია თავისი მხიარული ისტორიებით, ალალი ხასიათით და გულთბილი სიყვარულით ათასობით ადამიანის საყვარელი ხელოვანი იყო.

მისი ცხოვრება ერთი დიდი თავგადასავალი იყო – სკოლიდან და ინსტიტუტიდან გარიცხვებით, გაუპუტავი ქათმის მოხარშვით, უცხოეთში გასტროლზე დავიწყებული სიმღერის ტექსტის მეგრულად შესრულებით, სკოლიდან და ინსტიტუტიდან გარიცხვით…

“არტ ინფო” ეთერ კაკულიას უცხო ენათა ინსტიტუტიდან გარიცხვის ისტორიას გაგახსენებთ, რომელსაც მომღერალი დიდი მხიარულებით და მისთვის დამახასიათებელი, სრულიად გამორჩეული მეტყველების მანერითა და აქცენტით ყვებოდა:

“სკოლიდანაც მრიცხავდნენ და უნივერსიტეტიდანაც. ჩემი ძმა ჩეხური ენის მცოდნეა. თავისით ისწავლა და რამდენიმე წიგნი აქვს ნათარგმნი. პროფესიით ინჟინერია, მაგრამ ლექსებიც დაუწერია ჩემთვის. 15 სიმღერა მაქვს ჩაწერილი მის ლექსებზე…

ჰოდა, პირველი კურსის სტუდენტი ვარ დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე. ჩემს ძმას ჩეხოსლოვაკიიდან გამოწერილი ჰქონდა ვითომ პორნოჟურნალები, მაგრამ მსგავსი არაფერი იყო მასში – გოგონები იყვნენ ბიკინებში.

უნივერსიტეტში წავიღე, რომ მეგობრებისთვის მეჩვენებინა. დეკანი დათიკო ფანჩულიძე ჰიუგოს გვიხსნის, მაგრამ ვის აინტერესებს ეს შენი ჰიუგო? 20 გოგო ვსხედვართ და თავი ამ ჟურნალებში გვაქვს ჩარგული. დეკანი ნელ-ნელა მოგვიახლოვდა და მკაცრი ტონით გვეკითხება: რას უყურებთ, ვისია ეს ჟურნალები? – ჩემი-მეთქი. განრისხებული ხმით მეუბნება: ახლავე გადი აუდიტორიიდან, ხვალ მშობლები მოიყვანე, გარიცხული ხარო.
არ გინდა, მშობლებს ეს უთხრა? მომკლავენ. დედაჩემი ძალიან მკაცრი იყო. თან ყველა უნივერსიტეტელი მასწავლებელი მამაჩემის მეგობარი იყო, ჩვენს სახლში ნაქეიფრები, დედაჩემსაც კარგად იცნობდნენ.

მეორე დღეს გოგონები უნივერსიტეტის ბაღში ვდგავართ და ვფიქრობთ, რა გავაკეთოთ, ვინ მივუყვანოთ დეკანს. უცებ ვხედავთ, ვიღაც ქალი ბაღში ბავშვს ასეირნებს. დედაჩემი თეთრი, ლამაზი, პუტკუნა, 102 კილოგრამი ქალი იყო, ეს ქალი კი ინდოეთიდან ჩამოსულს ჰგავდა, საშინელი გამხდარი, შავი, 80 სანტიმეტრი სიმაღლის. მივედით და გოგონები ეუბნებიან: იცით, ქალბატონო, აი, ჩვენს მეგობარს, ეთერს რიცხავენ ინსტიტუტიდან და გვიშველეთ, ვითომ დედამისი ხართო. – რაო? როგორ თუ გრიცხავენ, აბა, წამომყევითო. ეს ბავშვი ვიღაცას დაუტოვა, თვითონ წინ მიდის და გოგოები უკან მივყვებით.

მივედით დათიკო ფანჩულიძის კაბინეტთან. კარი შევაღე და შეშინებული ხმით ვეუბნები: – თქვენ რომ მთხოვეთ, დედა მოვიდესო, მოვიდა-მეთქი. შემოვიდესო. დათიკომ ეს ქალი რომ დაინახა, ფეხზე წამოდგა და ჰკითხა: – უი, ავად ხართ, ქალბატონო ლოლა, რა დაგემართათო და გაოცებული დავარდა სკამზე. ეს ქალიც გაოცდა, ნეტავ, რატომ მკითხაო და უპასუხა: ჰო, რა ვიცი, ცოტას ვავადმყოფობო. – ქალბატონო ლოლა, – დაიწყო დეკანმა ახსნა, – მე ლექცია მაქვს, ვიქტორ ჰიუგოს შემოქმედებას ვხსნი და ნახეთ, ამ დროს თქვენი ქალიშვილი რითი ერთობაო.

უცებ ამ ქალმა დაიწყო: – აჰა, დღე და ღამე რომ ტვინს მიჭამ, დედა, ფული მომეცი, დედა, ფული მომეცი, იმიტომ გინდოდა ფული, რომ ეს ჟურნალები გეყიდაო. აიღო და სახეში ისე მაგრა მთხლიშა, რომ ვიღაც ქალი იჯდა იქვე და მას კალთაში ჩავუჯექი.

თან არ ვიცი, რა ჰქვია “დედაჩემს” და მივმართავ: – ქალბატონო დედა, დაწყნარდით-მეთქი. დათიკო სულ გაგიჟდა, – რა, ქალბატონ დედას გაიძახის ეს გოგოო. იმხელა ხმით ყვირის, მთელ უნივერსიტეტს ესმის…

გოგონები დერეფანში მიცდიდნენ, ცალკე ისინი გადაირივნენ. გამოვარდა კაბინეტიდან, თვითონ წინ გარბის, მე უკან მივდევ… მოკლედ, კარგი სპექტაკლი დავდგით.”