27 ივნისი, 2021

ელდარ შენგელაია: “ნატო ვაჩნაძის შვილობა მაწამებდა”

კინორეჟისორი ელდარ შენგელაია ულამაზეს და უნიჭიერეს ნატო ვაჩნაძესთან დაკავშირებით რამდენიმე ისტორიას იხსენებს:

“ნატო ვაჩნაძის შვილობა მაწამებდა. ქუჩაში ერთად რომ გავიდოდით, ვინც კი შეგვხვდებოდა, დედას დიდხანს ესაუბრებოდა. მერე ეტყოდნენ ხოლმე, ეს რა ლამაზი ბიჭი გყავსო. არადა, თავი სულ გადახოტრილი მქონდა მკბენარებისგან დასაცავად და პარტყუნა ყურები მქონდა. კომპლიმენტებზე ძალიან ვბრაზდებოდი. ერთხელაც დედას გამოვუცხადე, ამის შემდეგ შენ ივლი წინ, მე კიდევ ათი ნაბიჯით უკან ვიქნები-მეთქი.

მახსოვს, პირველი კლასის მოსწავლე რომ ვიყავი, გვერდით ერთი ლამაზი გოგონა დამისვეს. ძალიან მომეწონა და უცბად შემიყვარდა. სახლში რომ მივედი, დედას ყელსაბამები მოვიპარე და იმ გოგოს ვაჩუქე. მეორე დღეს სამასწავლებლო ოთახში დამიბარეს და მკითხეს, ეს ყელსაბამები ვისიაო. მე დავიბენი, შემრცხვა და ვუპასუხე, დედაჩემის არის, ეს გოგო მომეწონა და მას მოვუტანე-თქო. ამის მერე ნატო სკოლაში დაიბარეს და სიტუაცია აუხსნეს. დედამ ამაზე ძალიან ბევრი იცინა და ყელსაბამები იმ გოგოს აჩუქა.”