დიდებული მარია კალასის დიდებული წერილი

დიდებული მარია კალასის დიდებული წერილიმსოფლიო ლეგენდა, შეუდარებელი მარია კალასი ისეთივე უიღბლო აღმოჩნდა პირად ცხოვრებაში, როგორი იღბლიანიც იყო შემოქმედებით საქმიანობაში.

მაშინ, როდესაც მისი ულამაზესი სიმღერის მოსასმენად ათასობით ადამიანი იკრიბებობდა, მის გულში ტანჯვის ცეცხლი გიზგიზებდა – ლეგენდა საყვარელი მამაკაცისგან – არისტოტელე ონასისისგან დაუსრულებელ დამცირებას და ტკივილს იტანდა.

“არტ ინფო” გთავაზობთ მარია კალასის წერილს, რომელიც მან საყვარელ ადამიანს მისწერა:

“შენ არ გჯეროდა, რომ შემიძლია სიყვარულის გამო მოვკვდე. იცოდე: მე მოვკვდი. სამყარო დაყრუვდა. ვეღარ ვმღერი. არა, შენ ამას წაიკითხავ, მე გაიძულებ. ყველგან ჩემს გამქრალ ხმას გაიგონებ, ძილშიც კი, ჭკუიდან შეგშლის და დანებდები, რადგან მას ნებისმიერი ციხე-სიმაგრის აღება შეუძლია. ის ჩემს ნაცვლად იძიებს შურს. მას ათასობით, ათიათასობით ადამიანი ნებდებოდა…

მან უკან დაიხია შენი დათვის ყურის წინაშე, მაგრამ რევანშს აიღებს. არა, შენ ვერ მოსწყდები. ბოლომდე შესვამ დარდისგან გაშეშებული ხმის აღსარებას, ხმის, რომელმაც უარი განაცხადა სახალხოდ გადაყლაპოს წყენა, რომელმაც წარმოუდგენლად ჩათვალა, რომ მიტოვებულია. ის ყოვლისშემძლე იყო, არი, ამიტომაც – ამაყი. არი, მან ვერ გადაიტანა შენი ალიყურით დამცირება. მან უკან დაიხია, მაგრამ იცოდე – მოსვენებას არ მოგცემს. შურს იძიებს ჩემს გამო, საქვეყნოდ თავის მოჭრისთვის, მარტოობისთვის და ბავშვის გარეშე დატოვებისთვის, რომელიც ასე გვიან მაჩუქა ღმერთმა და რომლის მოკვლაც შენ, არი, შენ მაიძულე!…

ახლა ჩემს თავს ვეკითხები: რატომ იყავი შენ ჩემთვის უფრო ძვირფასი, ვიდრე ის?! შენ, რომელსაც ჩემს სპექტაკლებზე დასწრებაც კი არ გსურდა, რომელიც დამცინოდა იმის გამო, რომ საკუთარი ჩანაწერების მოსმენა მიყვარდა! შენ, რომელსაც საერთოდ არ გაინტერესებდა ჩემი ცხოვრება, დაგეზარა ჩემი დებიუტის ჩანაწერის მოსმენა არენა დი ვერონადან, როდესაც 25 ათასი მაყურებელი სამსაათნახევარის განმავლობაში, აღფრთოვანებისგან გაგიჟებული, ჩემთან ერთად ტაქტში სუნთქავდა……

მე ვეკითხები საკუთარ თავს, როგორ გემორჩილებოდი, როგორ მოხდა, რომ ჩემი განკარგვის ნება მოგეცი, მორჩილად ვიხსნიდი სპექტაკლის წინ ლინზებს – ლინზებს, რომლების გარეშეც ვერაფერს ვხედავდი! – ოღონდ შენი გული მომეგო? გახსოვს გარიჟრაჟი იახტაზე – იასამნისფერი გარიჟრაჟი, როდესაც პეშვებიდან მწკლარტე ბერძნულ ღვინოს მასმევდი? მაშინ მითხარი, რომ ამაზე უკეთესი წუთები არ გახსოვს. ღმერთო, რა საბრალო ხარ. იმაზე გაცილებით დიდი სიყვარული მქონია, ვიდრე შენ მე მომეცი. სამყაროში იყო ჩემი ხმა – ხმა, რომელსაც ყველა ღვთაებრივს უწოდებდა და რომელსაც შენ კევის ზანტად ღეჭვისას უსმენდი…”…