30 ივნისი, 2021

დათო ოძელაშვილის უზუსტესად ახდენილი წინათგრძნობა

ფლეიტისტ დათო ოძელაშვილის სიცოცხლე 28 წლის ასაკში სრულიად მოულოდნელად შეწყდა. მუსიკოსი ავსტრიაში საქართველოს კულტურის დღეებში მონაწილეობისთვის იმყოფებოდა, სადაც გარდაიცვალა.

მისი მეუღლის თქმით, მუსიკოსს წინათგრძნობა ჰქონდა, ავსტრიაში წასვლამდე თავისი მუსიკალური ნაწარმოებები გადააკეთა, შვილს – ლაზარეს კი მისივე საქმეების გაგრძელება სთხოვა.

„ოძელა“ – ეს იყო და არის ამ უნიჭიერესი მუსიკოსის მეტსახელი. უნიჭიერესი ბიჭი პატარაობიდან აკვირვებდა ყველას თავისი ვირტუოზული მონაცემებით, ნოტების გარეშე შეეძლო ურთულესი ნაწარმოებების დაკვრა, იმპროვიზაციის დიდი მოყვარული იყო. 21-ე მუსიკალური სასწავლებლის, მე-5 მუსიკალური ტექნიკუმისა და თბილისის კონსერვატორიის დასრულების შემდეგ, მოცარტის აკადემიაში ისწავლა და მას დიდ მომავალსაც უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა…

დათო ოძელაშვილი ჯაზ-კვარტეტ „თბილისის“ წევრი იყო პიანისტ ოთარ მაღრაძესთან, კონტრაბასისტ ოთარ საგანელიძესთან და დრამერ ვალერი ფაილოძესთან ერთად.

ოთარ მაღრაძესთან ალმბომზე მუშაობის დროს, მათ ორი კომპოზიცია ჩაწერეს – „თათრის მოედანი“ და „გურული ჩანახატები“.

ზაარბრიუკენის 1000 წლისთავისადმი მიძღვნილ მუსიკალურ ფესტივალზე მუსიკოსები გამორჩეული და წარმატებული შესრულებისთვის სპეციალური მედლით დაჯილდოვდნენ.

არანაკლებ წარმატებული აღმოჩნდა მუსიკოსის მონაწილეობა ჯაზ-კვარტეტთან ერთად ნანტში გამართულ საერთაშორისო ჯაზ-ფესტივალზე, თბილისში გამართულ ჯეოსელის ჯაზ-ფესტივალზე…

მუსიკოსი ყველაზე მეტად იმას განიცდიდა, რომ ადამიანები სულ უფრო მატერიალისტები ხდებოდნენ, ზედმეტად იხარჯებოდნენ ყოველდღიური ყოფაში, შორდებოდნენ ბუნებას:

“ეს საშიშია, მეც მეშინია, ამიტომ ვქმნი მუსიკას, რომელიც მიახლოებულია ბუნებასთან, ყველაფრის საწყისთან. არ მხიბლავს ისეთი მუსიკა, რომელიც ახლოს არ არის რეალობასთან.”