30 ივნისი, 2021

ბორის წიფურიას საუკეთესო როლი

მსახიობ ბორის წიფურიას საუკეთესო როლზე თავის მოგონებებში თამაზ ჩიქვანაია გადაცემა “ფორტუნას” ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ჩაწერას იხსენებს:

“1995 წლიდან 2004 წლამდე საქართველოს ტელევიზიის პირველ არხზე გადიოდა გადაცემა ,,ფორტუნა”, სადაც ახალდაქორწინებულები ყვებოდნენ თავიანთი სიყვარულის ისტორიას. გამარჯვებული (დამარცხებულიც) ბევრ საჩუქარს იღებდა და მთავარი – ეს ყველაფერი იყო შეზავებული ხარისხიანი იუმორით.

გადაცემის სულის ჩამდგმელი ტელერეჟისორი კახა კახაბრიშვილი გახლდათ, რედაქტორი თქვენი მონა-მორჩილი, გადაცემის უცვლელი წამყვანი, შემოქმედებითი ჯგუფის სული და გული, მსახიობი ბორია წიფურია.
,,ფორტუნას” ისტორიიდან ერთი გადაცემა მინდა გავიხსენო:

ერთ დღეს კახასთან შევიკრიბეთ მე და ბორია. კახამ შემოგვთავაზა გადაცემისთვის ციხეში მოგვეძებნა წყვილი.
იდეა მოგვეწონა, მეორე დღიდან შევუდექით საქმეს. ჩავრთეთ შსს და შევარჩიეთ ორი მსჯარდებული: ერთი სამჯერ ნასამართლევი რეციდივისტი, მეორე – ახალგაზრდა ყმაწვილი, რომელსაც ბედის უკუღმართობამ გადაადგმევინა მცდარი ნაბიჯი. ორივეს ჰყავდა შეყვარებული.

გადაცემის ჩაწერას, როგორც წესი, მაყურებელი არ აკლდა, იმ დღეს (გადაცემა ეთერში გადიოდა 23 ნოემბერს – გიორგობას) ტელევიზიის სტუდიაში ადგილი აღარ დარჩა. ორივეს შეყვარებული სტუდიაში მოვიწვიეთ. ორივე პატიმარი ბადრაგმა მოიყვანა. (თამამად შემიძლია ვთქვა ეს არ იყო დაგეგმილი) დაიწყო გადაცემის ჩაწერა.

სრულიად მოულოდნელად რეციდივისტის შეყვარებულმა ბორიას სთხოვა, ნება მიეცა ავთოს (მსჯავრდებული) მივმართოო. ბორიამ თანხმობა მისცა: – ავთო, შენ გულზე ჯვარი გკიდია, ქრისტიანი კაცი ხარ, ამ გიორგობის დღესასწაულზე მომეცი პირობა, რომ აღარასდროს მოხვდები ციხეში და სიკვდილამდე შენი ერთგული და მოსიყვარულე ცოლი ვიქნები.

უეცრად მეორე გოგონა შეუერთდა ,,კოლეგას” თავის შეყვარებულს მიმართა: – გურამ, თუ დაიფიცებ, რომ კანონს აღარ დაარღვევ, პირობას გაძლევ შენი ცოლი გავხდები, ბევრ შვილს გაგიჩენ.

სააპარატოში მე და კახა გაოგნებული ვიჯექით თვალცრემლიანები, მონიტორში ვხედავ, ბორიას გრიმიან სახეზე წანწკარით მოდის ცრემლები, დარბაზი ტირის. სიჩუმე!

სიჩუმე ერთი წუთი გაგრძელდა, ერთი წუთი არაფერია, ტელევიზიისთვის ეს უზარმაზარი დროა. უეცრად ორივე მსჯავრდებული ერთდროულად მიუახლოვდა ბორიას გვერდით მდგომ ქალიშვილებს, მუხლებზე დადგენ და დაიფიცეს ამ ორი ქალის, ბორიას, დარბაზის და მთელი საქართველოს წინაშე.

იმედია, თავადაც მიხვდებით, რა ხდებოდა იმ დღეს საქართველოს ტელევიზიის პირველ სტუდიაში. 10 წლის მანძილზე ასეთი ემოციური გადაცემა არ გვქონია. ბორიამ გადაცემის შემდეგ მითხრა: – ჩემს ცხოვრებაში ასეთი როლი არ მქონია და არც მექნებაო.

25 ნოემბერს ჩვენთვის მოულოდნელად ედუარდ შევარდნაძემ ორივე პატიმარი შეიწყალა. როგორც გაირკვა, საქართველოს ხელისუფლებაც უყურებდა იმ დღეს ,,ფორტუნას”.

პ.ს. წესად გვქონდა – ქორწილში მიპატიჟებას არ ვიღებდით. ეს ტაბუ არც იმ ჯერზე დავარღვიეთ. თუმცა ერთი წლის შემდეგ, საქართველოს ორ ქალარში ორი ვაჟკაცი მოინათლა. ნათლიებს შორის კახა კახაბრიშვილი, ბორია წიფურია და ამ სტრიქონების ავტორი მეც – თამაზ ჩიქვანაია გახლდით!”