17 მაისი, 2021

ულამაზესი მიძღვნა ეროსი მანჯგალაძეს

თეატრისა და კინოს მსახიობს ეროსი მანჯგალაძეს ულამაზესი ლექსი მიუძღვნა პოეტმა შოთა ნიშნიანიძემ:

“ცუდი კაცი ვარ
და ნამდვილად ღირსი ვარ კიცხვის
ცოცხალი როცა აღარა ხარ,
ლექსს მაშინ გიძღვნი”

განათლულია შენი ნიჭი ქართულ ემბაზით,
ქართული სულის მოჩუქურთმევ, მჭედელ-ხარატო,
რა უნდა გითხრა სხვის გაგება-ერთგულებაზე,
როცა კაცს თურმე საკუთარი გულიც გღალატობს.
თხემით ტერფამდე შენ იყავი მართლა ქართველი
და მაინც დარჩა ავთანდილი უშერმადინოდ.
არ მინდა გითხრა სხვებისათვის რაც მაქვს სათქმელი,
ვაითუ ახლაც სიკვდილშიაც გული გატკინო.
ჯერ ადრე იყო… და სიკვდილის ვინ მოგცა ნება,
უკანასკნელი ეს ვინ მოგცა სიკვდილის როლი?
სულაც არ მიკვირს, თუ უბრალო მოკვდავი ცდება,
ზოგჯერ სამყაროს რეჟისორიც არ არის სწორი!
ეიფელის კოშკს, შენ გერჩია ჯვარი და გრემი,
უცხოთა ,,ბრავოს” აღტაცების ქართული ცრემლი.
დიდებისათვის არ წასულხარ არსად სალაშქროდ,
ამერ-იმერში მაინც ქუხდი გაღმა-გამოღმა…
სიკვდილის როლსაც რა უღმერთო ძალით თამაშობ…
ო, მაგ როლიდან ვერასოდეს ვეღარ გამოხვალ…
დაეშვა ფარდა, წინაპრებმა ყიჟინით გიხმეს,
ჟღრიალი გააქვთ ხის შუბებს და მუყაოს ფარებს…
ადექ მაესტრო! და ჩვენს ქართულ ეროვნულ ნიღბებს,
მარადისობის კულისებში წარუძეხ ბარემ!”