17 მაისი, 2021

ფრიდა კალო – სასწაულებრივად გადარჩენილი მხატვარი

მექსიკელი მხატვრის ფრიდა კალოს შემოქმედება ათასობით ადამიანს აღაფრთოვანებს. მათგან ალბათ ძალიან ცოტამ თუ იცის, რა ტკივილების და პრობლემების დაძლევა მოუწია ხელოვანს.

ჯერ იყო და 6 წლის ასაკში გართულებულმა პოლიომიელიტმა კიდურები დაუმახინჯა – მარცხენა ფეხი უფრო დაუსუსტა, ვიდერ მარჯვენა, მოგვიანებით კი ავტოკატასტროფამ მას სამუდამოდ დაასვა დაღი: მხატვარი ავტობუსით მგზავრობდა, რა დროსაც მას ტრამვაი დაეჯახა. შეჯახების შედეგად ხელის მოსაკიდი რკინა ბუდიდან ამოვარდა, ფრიდას ხერხემალი გატეხა და საშვილოსნოშიც გაიარა. საბედნიეროდ, მხატვარი სასწაულებრივად გადარჩა, მაგრამ მთელი ცხოვრება აუტანელმა ტკივილებმა დატანჯა.

სწორედ ეს ფაქტი გახდა მიზეზი იმისა, რომ ფრიდა კალომ სამედიცინო კარიერაზე უარი თქვა და ფერწერის ჯადოსნურ სამყაროში გადასახლდა. ის ნამუშევრებში თავის განცდებს ხატავდა და დამთვალიერებელს მოჯადოებულს ტოვებდა. 143 ფერწერული ტილოდან მხატვარმა 55 ავტოპორტრეტი შექმნა.

ფერადი და სიმბოლიზმით აღსავსე ნამუშევრებითა და მისი ავტორით მექსიკელი მხატვარი და მიურალისტი დიეგო რივერა დაინტერესდა. ფრიდასა და დიეგოს შორის გრძნობა გაჩნდა, მათი ურთიერთობა სიყვარულში გადაიზარდა. წყვილი დაქორწინდა, შემდეგ დაშორდა და ისევ იქორწინა. ქორწინება სავსე იყო უთანხმოებებით, ფიზიკური დაპირისპირებებითაც კი. ფრიდა კალომ ერთხელ თქვა: “ცხოვრებაში ორი უბედური შემთხვევა გადავიტანე, ერთი – ავტობუსში, მეორეს მიზეზი კი დიეგო იყო.”

სწორედ დიეგო რივერას მისწერა წერილი, რომელსაც “არტ ინფო” გთავაზობთ:

“მე არ გთხოვ მაკოცო და ბოდიში მომიხადო მაშინ, როცა ვთვლი, რომ მართალი არ ხარ. არ გთხოვ ჩამეხუტო, როცა ეს ყველაზე მეტად მჭირდება. არ გთხოვ მითხრა, როგორი ლამაზი ვარ, თუნდაც ეს სიცრუე იყოს. ნუ მომწერ ნურაფერ სასიამოვნოს. იმასაც არ გთხოვ, დამირეკო რათა მომიყვე, როგორ ჩაიარა შენმა დღემ და მითხრა, რომ გენატრებოდი. არ გთხოვ გადამიხადო მადლობა ყველაფრისთვის, რასაც შენთვის ვაკეთებ. არც ჩემზე მზრუნველობას გთხოვ, როდესაც სულიერად დავეცემი და, რა თქმა უნდა, არ გთხოვ მხარი დაუჭირო ჩემს გადაწყვეტილებებს. არ გთხოვ, მომისმინო მაშინაც კი, როდესაც ათასობით ისტორია მექნება შენთვის მოსაყოლი. მე არაფრის გაკეთებას არ გთხოვ, სამუდამოდ ჩემ გვერდით ყოფნასაც კი, იმიტომ რომ თხოვნით გაკეთებული, არაფერი მჭირდება.”