20 მაისი, 2021

კახა კახაბრიშვილი – სატელევიზიო სპექტაკლების პატრიარქი

რეჟისორ გიორგი კახა კახაბრიშვილს ქართული ტელესპექტაკლების პატრიარქი უწოდეს და სრულიად დამსახურებულადაც.

სწორედ მისი “ბრალია”, რომ საქართველოს ტელეფიზიას ჰქონდა ისეთი ტელესპექტაკლები, როგორებიცაა „ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს“, „უჩინმაჩინის ქუდი“, „გვადი ბიგვა“, „ხორუმი ქართული ცეკვაა“, „მტრედის მოტანილი ბარათები“ და მათში ქართული თეატრისა და კინოს ნამდვილი ვარსკვლავები მონაწილეობდნენ.

რეჟისორის შემოქმედების სავიზიტო ბარათად კი მაინც ტელესპექტაკლი „ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს“, სადაც ვასო გოძიაშვილი, გივი ბერიკაშვილი, ზაზა ლებანიძე, მურმან ჯინორია და მარინე ვეფხვაძე მონაწილეობენ.

ვასო გოძიაშვილთან შეხვედრას რეჟისორი ყოველთვის განსაკუთრებული სითბოთი იხსენებდა:

“ახალბედა რეჟისორი ვიყავი, როცა „ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს“ დადგმა გადავწყვიტე. მთავარ როლში ვასო გოძიაშვილის მიწვევა მსურდა. ბატონმა მიშა თუმანიშვილმა მითხრა, არ დაგთანხმდებაო. გადავწყვიტე, მეცადა და როდესაც ბატონ ვასოსთან მივედი, აქეთ შემარცხვინა, არ გრცხვენიათ ახალგაზრდა რეჟისორებს, გგონიათ, რომ დავბერდი და თამაში აღარ შემიძლიაო და დიდი სიამოვნებით დამთანხმდა სპექტაკლში მონაწილეობაზე.”

საქართველოზე, ქართველ ხალხზე, ქართულ კულტურასა და ლიტერატურაზე უზომოდ შეყვარებულმა ხელოვანმა მთელი თავისი ცხოვრება ქართულ სატელევიზიო თეატრს მიუძღვნა.

წლების შემდეგ, რეჟისორი თავის ჩანაწერებში გულწრფელად გახარებული წერდა:

„ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ სერგო ზაქარიაძე, აკაკი ხორავა, სესილია თაყაიშვილი, ვასო გოძიაშვილი, მიხეილ თუმანიშვილი, ეროსი მანჯგალაძე, ოტია იოსელიანი, გურამ დოჩანაშვილი გამარჯობას თუ მეტყოდნენ…
აღმოჩნდა, რომ მე მათ გვერდით ზოგის მოწაფე ვიყავი, ზოგის ასისტენტი და შემდეგ კოლეგა.”